პრეამბულა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სურამის ციხე, მდებარეობს ხაშურის
მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, კლდოვან გორაკზე
(საორიენტაციო ფართი 6000 კვ.მ, მთლიანად, მათ შორის ციხის ფართი 1200მ2
კოორდინატები: X კოორდინატი 42.01626677, Y კოორდინატი 43.56660616). იგი აგებულია XII-XIII
საუკუნის მეორე ნახევარში. ამ პერიოდის კედლის ნაშთები შემორჩენილია
გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, ხოლო დანარჩენი ნაწილები
აღდგენილია XVII და XVIII საუკუნეებში. ქართულ ისტორიულ წყაროებში, როგორც
სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625 წლიდან, როდესაც იგი
გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად. სურამის
ციხე-სიმაგრის შემადგენლობაშია: გალავანი, ქვედა ეზო, წმინდა გიორგის
ეკლესია, სასახლე და შიდა ციხე კოშკით. გალავანი გეგმაში რთული
მოხაზულობისაა, ნაგებია ნატეხი და თლილი ქვით. შესასვლელი ჩრდილოეთ
კედლის შუა ნაწილშია. გალავნის დასავლეთ ნაწილი დანგრეულია,
შემორჩენილია მხოლოდ 8.0 მ. სიგრძის და 2.0 მ. სიმაღლის კედელი, რომელზეც ეზოს
მხრიდან სასახლე იყო მიშენებული. სასახლე ძლიერ დაზიანებულია,
შემორჩენილია ნანგრევების სახით. წმინდა გიორგის ეკლესია დგას ქვედა
ციხის ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში, აგებულია XI-XII საუკუნეებში.
ეკლესია დარბაზულია (5,90X6,10.0 მ.), ნაგებია თლილი ქვით. ეკლესია ორნაწილიანია,
სამხრეთ ნაწილი აბსიდიანია, ჩრდილოეთ ნაწილი - სწორკუთხა. 1991 წლის
აპრილის მიწისძვრამ ის მნიშვნელოვნად დააზიანა: ჩამოიქცა გადახურვა და
განადგურდა შემორჩენილი მხატვრობის ფრაგმენტები.
სურამის ციხის კვლევითი სამუშაოები დაიწყო 1946 წელს, არქიტექტორ რ.
გვერდწითელის ხელმძღვანელობით. 1957 წელს არქიტექტორთა ჯგუფმა (რ.
გვერდწითელი, ა. გოგელია, გ. ჯაფარიძე, რ. ცინცაძე, გ. ჭეიშვილი)
განახორციელეს ციხის აზომვითი სამუშაოები. 1988 წელს დამუშავდა სურამის
ციხე-სიმაგრის რესტავრაციის პროექტი (ავტორი ტ. კიპაროიძე, თანაავტორი
ნ. ზაზუნიშვილი).
2019-2020 წ.წ. განხორციელდა სურამის ციხის ტერიტორიის გაწმენდითი
სამუშაოები (არქეოლოგი ბ. გელაშვილი). სამუშაოები მიმდინარეობდა ციხის
შიდა ტერიტორიაზე, მოხდა ციხის შიდა პერიმეტრის სათავსოს არქეოლოგიური
შესწავლა, ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სასახლის გაწმენდა,
ციხის ჩრდილოეთით მდებარე კოშკის პერიმეტრის გაწმენდა.
ციხის საყურადღებო პრობლემას წარმოადგენს საპირე ქვების ჩამოშლის
პროცესი. საკმაოდ ფართო მონაკვეთებზე შეიმჩნევა გამოქარული, დაძრული
ან ჩამოშლილი ქვების წყობა, რამდენიმე ადგილას დიდი ზომის კედლის
ფრაგმენტი მოცილებულია ძირითად ტანს. აგრეთვე, შესამჩნევია კლდოვანი
მასების ეროზია და ქვათაცვენა. ამდენად, შესასწავლია ციხის კედლების
ფუძე-გრუნტი, კლდის მასივის მდგომარეობა, ასევე, დასადგენია გალავნის,
კოშკის, ეკლესიის ტექნიკური მდგომარეობა. მძიმე მდგომარეობაშია წმ.
გიორგის ეკლესია, სადაც ჩამოშლილი გადახურვის გამო ნადგურდება
კედლებზე შემორჩენილი მხატვრობა და ინტერიერის სივრცე. დასადგენია
ციხის შიდა ტერიტორიაზე, წინა პერიოდში ჩატარებული არქეოლოგიური
განათხარის გაწმენდის და კონსერვაციის საკითხი. შესასწავლია ციხის
ტერიტორიიდან ატმოსფერული ნალექების გადაყვანის საკითხი.
სურამის ციხე-სიმაგრე თავისი ისტორიით, ადგილმდებარეობით,
არქიტექტურული ელემენტებით წარმოადგენს მუნიციპალიტეტის და დაბა
სურამის ტურისტული მიზიდულობის მნიშვნელოვან ადგილს. ამდენად,
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ტერიტორიაზე მოსაწყობია
ტურისტული ინფრასტრუქტურა: ტერიტორიის კეთილმოწყობა, უსაფთხო
გადაადგილების პირობები (ბილიკები, დამცავი მოაჯირები), საინფორმაციო
ბანერები და სხვ.
სურამის ციხის ტერიტორიის გარშემო, ხანგრძლივი დროის განმავლობაში
ჩამოყალიბდა საკმაოდ მჭიდრო დასახლება, საცხოვრებელი სახლები და მათი
კარმიდამოები მდებარეობს უშუალოდ ციხის კლდოვანი ფერდობის ძირში.
ციხის კედლებზე არსებული პრობლემებიდან და კლდის ქვათაცვენის
გათვალისწინებით, შესასწავლია არსებული მდგომარეობა, დასადგენია
საფრთხის შემცველი მონაკვეთები და დასამუშავებელია საჭირო დამცავი
ღონისძიებები.
ასევე, დამცავი ღონისძიებები (მაგ.: მოაჯირები, მანიშნები,
გამაფრთხილებელი ბანერები, შემოზღუდვები და სხვ.) შესამუშვებელია
ციხის ტერიტორიაზე მნახველთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
ამდენად, სურამის ციხე, თავისი ისტორიულ-კულტურული და არქიტექტურული
მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროებს სრული სარეაბილიტაციო
სამუშაოების ჩატარებას, რომელსაც წინ უნდა უძღოდეს
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშვება.
მიზანი და ძირითადი პირობები
1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი
მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, ავთენტურობის
შენარჩუნების, კონსერვაციის, ინტერპრეტაციისა და დაცულობის
უზრუნველყოფა.
2. ტენდერის მიზანია კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და
რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება,
რაც სამომავლოდ გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების
საფუძველი.
3. ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლზე არსებული მძიმე
მდგომარეობის გამოსწორების ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები
მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ
ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ მხატვრულ
გადაწყვეტას.
4. პირველ ეტაპზე, სრულყოფილი კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები /3D სკანირება,
გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით კროკების შესრულება,
კედლების ზონდაჟები, ფუძე-გრუნტებისა და დაფუძნების
საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, არსებული სამშენებლო მასალების კვლევა
(დაზიანებების სრულყოფილად დასადგენად ნიმუშები აღებული უნდა იქნას
საკვლევი შენობის ყველა საჭირო მონაკვეთიდან), ქვის კვლევა და სხვ./ უნდა
ჩატარდეს შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით.
5. კვლევითი და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების პროცესში
ნაგებობის გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების გადაწყობის
აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო მასალა უნდა დაფიქსირდეს,
მოიხსნას და დასაწყობდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის
ზედამხედველობით.
6. კვლევითი სამუშაოების (საინჟინრო-გეოლოგიური შურფ(ებ)ი, ზონდაჟ(ებ)ი,
გახსნილი არქეოლოგიური ფენა/ობიექტი ან ფრაგმენტი და სხვ.) დასრულების
შემდგომ, გამოკვლეული მონაკვეთი დაკონსერვდეს ან/და მიყვანილ იქნეს
იმგვარ მდგომარეობაში, რომ არ გაგრძელდეს ძეგლის დაზიანება და დაცული
იქნას უსაფრთხოება.
7. მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების
შემთხვევაში, სამუშაოები განხორციელდეს ხელით, არქეოლოგიური
ზედამხედველობით.
8. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ახალი ობიექტის
აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და
ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
9. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა
მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან,
განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და
არასასურველი ზემოქმედებისგან.
10. ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევა, რომელიც
მოიცავს საპროექტო ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალურ და
ინსტრუმენტულ კვლევას, უნდა შესრულდეს დამოუკიდებელი სპეციალისტის
მიერ.
11. კონსტრუქციული პროექტის მუშა დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს
ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევის
რეკომენდაციების გათვალისწინებით.
12. კვლევით და საფიქსაციო ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა
დაზიანება თუ რღვევა. რეაბილიტაციის პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის
არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა
ღონისძიება.
13. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნების მისაღწევად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით
განსაზღვრული ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
• შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
• ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ
ღირებულებას;
• გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის,
ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
• ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.
პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:
1. კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო
სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის
2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“
მოთხოვნათა შესაბამისად;
2. გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრული (ვექტორული DWG, DXF, PLA
გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
3. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს გაწმენდითი,
კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები
ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის თაობაზე და შესრულდეს
ძეგლის რეაბილიტაციის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია.
4. ძეგლის ყველა ნაწილის საფიქსაციო სამუშაოები (მაღალი რეზოლუციის 3D
სკანირება და ფოტოფიქსაცია, გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული
მეთოდით აზომვა და კროკების შესრულება) განსახორციელებელია
ფრონტალური ხედებიდან, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დეტალი,
ფრაგმენტი და ასევე დაზიანება. ჩატარებული საფიქსაციო სამუშაოებისა და
მასალების საფუძველზე, გრაფიკულ გამოსახულებაში ზუსტად უნდა იყოს
ასახული ძეგლის რეალური მდგომარეობა, მათ შორის დეტალები, შაბლონები,
ფრაგმენტები და დაზიანებები.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.