პრეამბულა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, კორცხელის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,
სოფელ კორცხელის სასაფლაოზე მდებარეობს (ს/კ 43.03.43.124; კოორდინატები X 42.55888165; Y
41.95041639). ისტორიული წყაროებისა და ძეგლის არქიტექტურის საფუძველზე
ირკვევა, რომ ტაძარი XVII საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. მისი აგება
ოდიშის მთავარ ლევან დადიანის სახელს უკავშირდება. ყოველივე ამის
შესახებ 1640 წლით დათარიღებული ერთდროს აქ დაცული მაცხოვრის ჭედური
ხატის საქტიტორო წარწერა გვაუწყებდა: „Ãელმწიფემან დადიანმან
პატრონმა ლევან და თანამცხედრემან ჩვენმან კურთხეულმან სანატრელმან
დედოფალთ დედოფალმან ნესტანდარეჯან ჭილაძის ასულმან და პირმშომან
ძემან ჩვენმან ალექსანდრე და მასთან მდგომარემან მანუჩარ, რაოდენი
ქება, დიდება და მადლობა და შესხმა Ãელვყოთ შენდა, დედაო საუკუნეთა
ღვთისა სიტყვისაო, კოცხერისა ღვთისა მშობელო, რომელთა სასოებითა და
სურვილითა აღგიშენეთ ჩვენ ორთავე, ტაძარი ესე ყოვლად პატიოსანი
სახელისა თქვენისა, დავახატვინეთ და შევამკევით….რას წმიდასა
ეკლესიასა მოუნდების გავაწყევით და გავარიგეთ... შევწირეთ ჯვარსა
წმიდასა გოლგოთას...“. როგორც ირკვევა, კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია
იერუსალიმის წმ. ჯვრის მეტოქს (კუთვნილებას) წარმოადგენდა.
ტაძარი საუკუნეების განმავლობაში არაერთგზის გადაკეთდა. XIX საუკუნეში
ძეგლი საფუძვლიანად შეაკეთებინა ნიკოლოზ დადიანმა, რომლის შესახებ
ცნობებს გვაწვდის ჩრდილო-დასავლეთი ბურჯის აღმოსავლეთ პირზე არსებული
წარწერა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამუშაო აქ 1858 წელს შესრულებულა.
ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით, 1862 წელს ტაძარში კანკელი აღუმართიათ.
საუკუნეების განმავლობაში კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესიაში არაერთი
ხატი ყოფილა. მათი უმრავლესობა ლევან მეორის მიერ არის შეწირული და დღეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურის ფონდშია დაცული.
ქვით ნაშენ ჯვარგუმბათოვან ტაძარს აღმოსავლეთიდან სამი შვერილი
აფსიდი, დასავლეთიდან კი თაღების გახსნილი სტოა აკრავს. გუმბათი ბემას
მხრებსა და ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. ტაძარში შესვლა სამი
მხრიდანაა შესაძლებელი: ერთი დასავლეთით - ღია თაღოვანი სტოადან,
დანარჩენი ორი კი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი მთლიანად
ყოფილა მოხატული, მაგრამ, დღეისათვის მნიშვნელოვნადაა დაზიანებული,
ფრაგმენტულად იკითხება კედლის მხატვრობა სტოაშიც.
მონასტრის ტერიტორია გალავნითაა შემოზღუდული, გალავნის სამხრეთით
ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის ჭიშკარია, დასავლეთით კი კოშკი,
რომელიც მწვანე საფარითაა დაფარული, გააჩნია მნიშვნელოვანი ბზარები და
დაზიანებები, ამოშენებულია თაღოვანი ღიობები და ჩაქცეულია სართულშუა
გადახურვა.
ტაძარი თუნუქითაა გადახურული, თუმცა გარემო პირობების და ნესტის გამო
კოროზირებულია და ვერ უზრუნველყოფს ნალექისგან დაცვას. ამასთან,
სარინელის არარსებობა დანესტიანების მძლავრ კერას წარმოადგენს, რაც
უარყოფითად აისახება ნალესობასა და მოხატულობაზე. ამასთან, კომპლექსის
ტერიტორიაზე წყლის გადაყვანის უსისტემობა დამატებით ქმნის
არასახარბიელო გარემოს და პრობლემების მთელ ჯაჭვს წარმოშობს.
ატმოსფერული ნალექების ფონზე იქმნება გარემო ბიოლოგიური ნადების
გაჩენისა და გამომარილებისთვის. მხატვრობის ძირითადი ნაწილი ამჟამად
დაფარულია ზედაპირული მტვრისა და ჭუჭყის ნადებით, ასევე, დაფარულია
ფრინველთა და მწერთა ექსკრემენტებით. ბოლო პერიოდში გაკეთებულ
სარესტავრაციო ქიმებს დაკარგული აქვთ მდგრადობა. კედლის მხატვრობა
ცალკეულ შემთხვევაში დაბზარული და განშრევებულია, ძლიერ დაზიანებულ
არეებზე მრავლად ვხვდებით ფერწერული ფენის დეგრადაციას, აქერცვლასა და
გაფხვიერებას. ტაძარზე მრავლადაა ბზარები, თუმცა, 2024 წელს დაყენებული
ყალაურების მიხედვით დეფორმაციები არაპროგრესირებადია. მიწის
ნაკვეთის ფართია 1100.0 კვ.მ, ტაძრის განაშენიანების საორიენტაციო ფართი - 200.0
კვ.მ, კოშკის - 29.0 კვ,მ, რომლებიც დასაზუსტებელი იქნება პროექტირების
პროცესში.
ტენდერის მიზანია, ძეგლის სარეაბილიტაციო ფიზიკური სამუშაოების
ჩასატარებლად წინაპირობების შექმნა. ამდენად, კორცხელის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის კომპლექსის (ტაძარი, კოშკი,
გალავანი) არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით,
განსახორციელებელია კვლევა-ფიქსაცია, რომლის საფუძველზე
შესამუშავებლია შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
მიზანი და ძირითადი პირობები
1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი
მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, ავთენტურობის
შენარჩუნების, კონსერვაციის, ინტერპრეტაციისა და დაცულობის
უზრუნველყოფა.
2. ტენდერის მიზანია კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და
რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება,
რაც სამომავლოდ გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების
საფუძველი.
3. ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლზე არსებული
მდგომარეობის გამოსწორების ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები
მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ
ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ მხატვრულ
გადაწყვეტას.
4. პირველ ეტაპზე, სრულყოფილი კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები /3D სკანირება,
გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით კროკების შესრულება,
კედლების ზონდაჟები, კედლის მხატვრობის მდგომარეობის შესწავლა,
ფუძე-გრუნტებისა და დაფუძნების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, არსებული
სამშენებლო მასალების კვლევა (დაზიანებების სრულყოფილად დასადგენად
ნიმუშები აღებული უნდა იქნას საკვლევი შენობა-ნაგებობების ყველა
საჭირო მონაკვეთიდან), ქვის კვლევა და სხვ./ უნდა ჩატარდეს შესაბამისი
ტექნოლოგიების გამოყენებით.
5. კვლევითი და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების პროცესში
ნაგებობების გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების გადაწყობის
აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო მასალა უნდა დაფიქსირდეს,
მოიხსნას და დასაწყობდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის
ზედამხედველობით.
6. კვლევითი სამუშაოების (საინჟინრო-გეოლოგიური შურფ(ებ)ი, ზონდაჟ(ებ)ი,
გახსნილი არქეოლოგიური ფენა/ობიექტი ან ფრაგმენტი და სხვ.) დასრულების
შემდგომ, გამოკვლეული მონაკვეთი დაკონსერვდეს ან/და მიყვანილ იქნეს
იმგვარ მდგომარეობაში, რომ არ გაგრძელდეს ძეგლის დაზიანება და დაცული
იქნას უსაფრთხოება.
7. მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების
შემთხვევაში, სამუშაოები განხორციელდეს ხელით, არქეოლოგიური
ზედამხედველობით.
8. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ახალი ობიექტის
აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და
ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
9. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა
მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან,
განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და
არასასურველი ზემოქმედებისგან.
10. შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევა,
რომელიც მოიცავს საპროექტო ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის
ვიზუალურ და ინსტრუმენტულ კვლევას, უნდა შესრულდეს დამოუკიდებელი
სპეციალისტის მიერ.
11. კონსტრუქციული პროექტის მუშა დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს
შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევის
რეკომენდაციების გათვალისწინებით.
12. კვლევით და საფიქსაციო ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა
დაზიანება თუ რღვევა. რეაბილიტაციის პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის
არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა
ღონისძიება.
13. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნების მისაღწევად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით
განსაზღვრული ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
• შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
• ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ
ღირებულებას;
• გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის,
ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
• ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.
პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:
1. კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო
სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის
2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“
მოთხოვნათა შესაბამისად;
2. გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრული (ვექტორული DWG, DXF, PLA
გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
3. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და
საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები ძეგლზე
ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის თაობაზე და შესრულდეს ძეგლის
რეაბილიტაციის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია.
4. ძეგლის ყველა ნაწილის საფიქსციო სამუშაოები (მაღალი რეზოლუციის 3D
სკანირება და ფოტოფიქსაცია, გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული
მეთოდით აზომვა და კროკების შესრულება) განსახორციელებელია
ფრონტალური ხედებიდან, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დეტალი,
ფრაგმენტი და ასევე დაზიანება. ჩატარებული საფიქსაციო სამუშაოებისა და
მასალების საფუძველზე, გრაფიკულ გამოსახულებაში ზუსტად უნდა იყოს
ასახული ძეგლის რეალური მდგომარეობა, მათ შორის დეტალები, შაბლონები,
ფრაგმენტები და დაზიანებები.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.