პრეამბულა
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,
ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ
ერთაწმინდის ცენტრში მდებარეობს (X კოორდინატი 41.86545099, Y კოორდინატი 44.32429375;
ს/კ 67.17.45.209) არქიტექტურულ ანსამბლში შედის: წმ. ესტატე (სამეცნიერო
ლიტერატურაში ცნობილია, როგორც წმინდა ევსტათე) პლაკიდას სახელობის
ეკლესია, გალავანი, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობების ნაშთები. მთავარ
სივრცით დომინანტს კომპლექსში თავად წმინდა ევსტათეს სახ. ეკლესია
წარმოადგენს. ეკლესიის აგება XIII საუკუნის მეორე ნახევარში ივარაუდება.
ტაძრის ინტერიერი მთლიანად ფრესკებით ყოფილა დაფარული. მხატვრობის
თავდაპირველი ფენის შექმნის თარიღი უცნობია, თუმცა, სავსებით
დასაშვებია, რომ იგი ძეგლის აგებისთანავე მოიხატა. 1609 წლიდან ტაძარი
თარხანმოურავების საძვალე ხდება. აქ დაკრძალულია გიორგი სააკაძის
შვილის, პაატას თავი.
საუკუნეების განმავლობაში ეკლესია არაერთგზის გადაკეთდა.
მნიშვნელოვანი ცვლილება ძეგლზე XIX საუკუნის II ნახევარში განხორციელდა,
რის შედეგად აღდგა ოთხივე ფასადი. ტაძრის შეკეთების დროს მოხატულობა
ნალესობით დაფარეს.
1960-70-იან წლებში, ტაძრის რესტავრაციის პროცესში, სამხრეთი და ჩრდილოეთი
კედლების აღმოსავლეთ ნაწილში, აგრეთვე, სამკვეთლოსა და სადიაკვნეს
კედლებზე გვიანი შუა საუკუნეების ფერწერული ფენა გაიხსნა და მასში
წმინდა დიდმოწამეების - წმ. ევსტათეს და წმ. გიორგის ცხოვრების
ამსახველი ციკლები გამოვლინდა. საქტიტორო ფრესკული წარწერის
საფუძველზე ირკვევა, რომ ტაძარი 1654 წელს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის
მამას, მელეტიოსს, მოუხატავს. ტაძრის ქტიტორი კი გიორგი სააკაძის ვაჟი
იორამ სააკაძე ყოფილა. წარწერაში მოხსენიებულია მეფე როსტომი და
დედოფალი მარიამი. ერთაწმინდის ეკლესიის მოხატულობამ შემოგვინახა წმ.
ევსტათე პლაკიდას ცხოვრების ციკლი, რომელსაც ქართულ ხელოვნებაში
ანალოგი არ გააჩნია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მასში წმ. ევსტათეს
მარჯვენა ხელი და ცერი იყო დაბრძანებული, საიდანაც უამრავი სასწაული
აღესრულებოდა. წმინდა სანაწილე (ლუსკუმა) ბოლოს სხერტის ჭალის ბრძოლის
დროს იხსენიება და იგი, სხვა სიწმინდეებთან ერთად, საქართველოდან იქნა
გატანილი. თავად სოფლის სახელი -ერთაწმინდა წმ. ევსტათეს სახელიდან
მომდინარეობს.
2012 წელს ტაძარი გადაიხურა, ინტერიერში მოიხნა ნალესობის ძველი ფენა,
გარშემო მოეწყო სარინელი.
მიმდინარე პერიოდში ინტერიერში, ფრესკებზე შეინიშნება ინტენსიური
გამომარილება. საფუძველსაა მოცილებული ფერწერის ფენა. მხატვრობის
ძირითადი ნაწილი ამჟამად დაფარულია ზედაპირული მტვრისა და ჭუჭყის
ნადებით. წინა სარესტავრაციო ჩარევების დროს დატოვებულ შევსებებსა და
ქიმებს დაკარგული აქვთ თავიანთი ფუნქცია, რადგან დაბზარული და
განშრევებულია. იქ, სადაც აღინიშნება მხატვრობის ძლიერ დაზიანებული
არეები, მრავლად ვხვდებით ფერწერული ფენის დეგრადაციას, აქერცვლასა და
გაფხვიერებას. მხატვრობა დაფარულია ფრინველთა და მწერთა
ექსკრემენტებით.
არსებული რთული ვითარების გამოსწორების მიზნით შესამუშავებელია
კედლის მხატვრობის კონსერვაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე განხორციელდება ფიზიკური ქმედითი
ღონისძიებები. ფრესკების ფრაგმენტების საკონსერვაციო საორიენტაციო
ფართია 60 კვ.მ, რომელიც დასაზუსტებელი იქნება პროექტირების პროცესში.
მიზანი და ძირითადი პირობები
1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი
მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, ავთენტურობის
შენარჩუნების, კონსერვაციის, ინტერპრეტაციისა და დაცულობის
უზრუნველყოფა.
2. ტენდერის მიზანია კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და
რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება,
რაც სამომავლოდ გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების
საფუძველი.
3. ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლზე არსებული მძიმე
მდგომარეობის გამოსწორების ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები
მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ
ხელმძღვანელობას, სწორ და მაღალპროფესიულ გადაწყვეტას.
4. პირველ ეტაპზე, სრულყოფილი კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები /3D სკანირება,
კედლების ზონდაჟები, კედლის მხატვრობის კვლევა და სხვ./ უნდა ჩატარდეს
შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით.
5. კვლევითი სამუშაოების დასრულების შემდგომ, გამოკვლეული მონაკვეთი
დაკონსერვდეს ან/და მიყვანილ იქნეს იმგვარ მდგომარეობაში, რომ არ
გაგრძელდეს ძეგლის დაზიანება და დაცული იქნას უსაფრთხოება.
6. კვლევით და საფიქსაციო ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა
დაზიანება თუ რღვევა. რეაბილიტაციის პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის
არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა
ღონისძიება.
7. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნების მისაღწევად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით
განსაზღვრული ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
• შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
• ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ
ღირებულებას;
• გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის,
ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
• ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.
პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:
1. კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო
სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის
2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“
მოთხოვნათა შესაბამისად;
2. გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრული (ვექტორული DWG, DXF, PLA
გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
3. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და
საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები ძეგლზე
ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის თაობაზე და შესრულდეს ძეგლის
რეაბილიტაციის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია.
4. ძეგლის ყველა ნაწილის საფიქსაციო სამუშაოები (მაღალი რეზოლუციის 3D
სკანირება, ფოტოფიქსაცია და სხვ.) განსახორციელებელია ფრონტალური
ხედებიდან, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დეტალი, ფრაგმენტი და
ასევე დაზიანება. ჩატარებული საფიქსაციო სამუშაოებისა და მასალების
საფუძველზე, გრაფიკულ გამოსახულებაში ზუსტად უნდა იყოს ასახული ძეგლის
რეალური მდგომარეობა, მათ შორის დეტალები, შაბლონები, ფრაგმენტები და
დაზიანებები.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.