1.2.1 საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო
მომსახურება
1.2.1.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო
და საკურიერო მომსახურების გაწევა.
1.2.1.2 სხვადასხვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა
სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა უნდა
განახორციელოს ტექნიკური დავალებისა და დანართი №1-ის (ფასების ცხრილი)
შესაბამისად.
1.2.1.3 მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის
მიერ გზავნილის გადაცემიდან, გზავნილი ადრესატს უნდა ჩაბარდეს:
ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მასშტაბით - არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო
დღის ვადაში (სასწრაფო/ექსპრეს გზავნილის შემთხვევაში არაუმეტეს 1
(ერთი) სამუშაო დღის ვადაში).
ბ) საქართველოს რეგიონების მასშტაბით - არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის
ვადაში.
გ) საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მასშტაბით - არაუმეტეს 5 (ხუთი)
სამუშაო დღის ვადაში.
1.2.1.4 გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება მითითებულ
მისამართზე პირადად ადრესატისთვის საქმიანობის ან საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით. ადრესატისათვის საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი
გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების
სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში -
შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია გზავნილი გადასცეს
ადრესატს. თუ გზავნილის ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა საქმიანობის
ან საცხოვრებელ ადგილზე, იგი გზავნილს აბარებს საცხოვრებელ ადგილზე
მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს ან
საქმიანობის ადგილზე კანცელარიას. გზავნილის მიმღები ვალდებულია
ჩამბარებლის მიერ წარდგენილ შესაბამის უწყებაზე აღნიშნოს თავისი
სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა.
იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს მითითებულ
მისამართზე მყოფ კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის
არყოფნის შემთხვევაში - გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.
გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების
დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების მატერიალური ან ელექტრონული
ხელმოწერით პირადი ნომრის მითითებით. შემსყიდველის მოთხოვნის
შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემის
შეზღუდვა არაადრესატი პირისათვის. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ
იმყოფება, მიმწოდებლის წარმომადგენელმა/კურიერმა მას უნდა დაუტოვოს
შეტყობინება, სადაც მითითებული იქნება გზავნილის ნომერი, საკონტაქტო
მონაცემები და შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის სერვისცენტრში
გზავნილის დაყოვნების დრო (არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა), საიდანაც
ადრესატს ექნება გზავნილის გატანის შესაძლებლობა და კურიერის
განმეორებით მისვლის დრო. აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა
უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა
ადრესატის მიერ გზავნილის მიღება, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ
ვადაში (არაუმეტეს 2 სამუშაო დღისა) უფასოდ განახორციელოს გზავნილის
უკან დაბრუნება. შემსყიდველის მიერ მისამართის არასწორად მითითების
შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს
შემსყიდველის არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. მიმწოდებლისგან
არასწორი მისამართის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან
მომდევნო 2 სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველი უფლებამოსილია
მოითხოვოს გზავნილის გადამისამართება საქართველოს ტერიტორიაზე. ამ
შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი
მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ასევე,
მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს თვიური სტატისტიკური
მონაცემების მიწოდება შემსყიდველისათვის შესაბამისი გზავნილის
რეკვიზიტებით.
1.2.2 საფოსტო და საკურიერო მომსახურების შესრულების პირობები
1.2.2.1 მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე უნდა უზრუნველყოს
საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული
უზრუნველყოფის მიწოდება, ინსტალაცია და პირველადი გაშვება, ასევე -
შემსყიდველისათვის საჭირო რაოდენობის მომხმარებლების (იუზერების)
შექმნა მიწოდებული რაოდენობის შესაბამისად, თითოეულ თანამშრომელზე
ცალ-ცალკე. აღნიშნული სისტემით უნდა ხდებოდეს გზავნილების მოძრაობის
ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება „თრექინგი“ და ნებისმიერი სტატუსის
ნახვა, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი.
ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე პროგრამული ხარვეზის არსებობის
შემთხვევაში მისი გამოსწორება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. პროგრამული
უზრუნველყოფის საშუალებით ინფორმაციაზე წვდომა უნდა გააჩნდეს მხოლოდ
შემსყიდველ და მიმწოდებელ ორგანიზაციებს. კურიერისთვის გზავნილის
გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული
დოკუმენტის მეშვეობით (რეესტრთან ერთად). გზავნილების ამოღება/წაშლა
შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების რეესტრის დახურვამდე. გზავნილის
მოძრაობის შესახებ ინფორმაციის ასახვა უნდა ხდებოდეს ელექტრონული
სერვისის მეშვეობით დაუყოვნებლივ (საბოლოო სტატუსის: „ჩაბარდა“ ან „არ
ჩაბარდა“-მდე არსებული მოძრაობის ინფორმაცია); ყველა განხორციელებული
ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF
ფორმატში უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა
იყოს მისი ამობეჭდვა.
1.2.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შტრიხკოდით შეუფერხებელი და უფასო
მომარაგება.
1.2.2.3 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფასო საკურიერო მომსახურება,
შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, ყოველ სამუშაო დღეს
(საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ). მოთხოვნის შემთხვევაში
შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მიმწოდებელი
ვალდებულია გამოცხადდეს გზავნილის მიღების ადგილზე და უზრუნველყოს
შემსყიდველისგან საფოსტო გზავნილის წამოღება არაუგვიანეს 17:00
საათამდე, ხოლო მოტანა არაუმეტეს 14:00 საათისა. სასწრაფო/ექსპრეს
გზავნილის მისაღებად მიმწოდებლის წარმომადგენელი/კურიერი საფოსტო
გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული
ვადის განმავლობაში. გზავნილების ჩაბარება შემსყიდველის მოთხოვნის
საჭიროების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს შაბათ დღეს;
1.2.2.4 მომსახურების კონტროლისა და ანალიზისთვის მიმწოდებელმა უნდა
გამოყოს სპეციალური მენეჯერი, რომლის კომპეტენცია უნდა განისაზღვროს
მომსახურების კონტროლით და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის
დროული ინფორმირებით;
1.2.2.5 გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
1.2.2.6 გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში,
შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი
ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას
დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების
ღირებულების სრული ოდენობით;
1.2.2.7 მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება
ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი,
ქალაქი/რეგიონი, ადრესატის მისამართი);
1.2.2.8 შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის მითითების შემთხვევაში და
ასევე, არასწორად მითითებული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში,
მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს
შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის
შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა);
1.2.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე
შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/ამანათები
რაოდენობისა და ადრესატების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.
შენიშვნა:
დანართი №1-ში მოცემულია მომსახურების სავარაუდო მოცულობა, რომელიც
შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული. ასევე, თუ მომსახურების
გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე
პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული
მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის
შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია
ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების
მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით.