პრეამბულა
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,
გოგიჩაანთ ღელის ქვის დარბაზების კომპლექსი, მდებარეობს ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, ჭობისხევის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1 კმ დაშორებით (GPS N 41.
794877 – E 043.310152).
ძეგლის შესახებ ისტორიული წყაროები არ შემოგვრჩა. ტერიტორია XX საუკუნის
60-იან წლებში გაითხარა ჯერ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.
ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის
ინსტიტუტის, ხოლო 1977 წლიდან არქეოლოგიური კვლევის ცენტრის, თორი-ლიკანის
არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ.
2020-2021 წლებში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული
ხელშეკრულებების საფუძველზე, ძეგლზე საველე არქეოლოგიური სამუშაოები
ჩატარდა (ხელმძღვანელი ი. ღამბაშიძე). ნამოსახლარი სრულად გაიწმინდა და
მომზადდა საიტი ტურისტული მიზნებისთვის. გოგიჩაანთ ღელის გათხრების
შედეგად სულ გამოვლენილი არტეფაქტები, შესაბამისი პროცედურების
შემდეგ, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ჩაბარდა.
არქეოლოგიური კომპლექსი სამხრეთ-დასავლეთით მთის ფერდზე ტერასულადაა
აგებული და კარგად შემორჩენილ საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს. იგი
შედგება რამდენიმე ნაგებობისგან, სათავსის, სამლოცველოს, მიწისქვეშა
ნაგებობისა და ეზოსგან, სადაც დომინანტია დიდი ერდოიანი სახლი.
კომპლექსი მშენებლობის ორ ეტაპს მოიცავს: წინაქრისტიანულსა და
ქრისტიანულს. მიუხედავად ორი ეპოქის თანაარსებობისა, კომპლექსში ერთ
ორგანიზმადაა შენარჩუნებული სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურა.
ერდოიანი ნაგებობა მშრალი წყობით დიდი ლოდის კვადრებით მთლიანად
მიწაშია ნაგები. მხოლოდ ნაგებობის საფასადო ნაწილია ხილული. იგი
კონუსურ ცრუგუმბათიან და ღიობიან (საკვამურისათვის) მრგვალ სადგომს
წარმოადგენს, რომელიც ზედა ნაწილში ვიწროვდება და ერდოთი მთავრდება.
კედლები შებოლილია. იატაკი კი მიწატკეპნილი. სავარუდოდ აქ კერა იყო
მოწყობილი. ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული გასაძრომი
გვირაბის არსებობაზე მიანიშნებს. ჩრდილო-აღმოსავლეთი კი მცირე
სათავსია.
ერდოიანი ნაგებობის წინ არსებული ეზოს ტერიტორიაზე რამდენიმე
ნაგებობაა. ყველა მათგანის კარი ეზოში გამოდის. ეზოს
სამხრეთ-დასავლეთით ოვალური გეგმარების ნაგებობაა, ჩრდილო-დასავლეთით
გრძელი, ვიწრო მიწისქვეშა სტრუქტურაა. სავარაუდოდ, იგი მაცივარს
წარმოადგენდა. ეზოს აღმოსავლეთ კუთხესთან არსებული ხარო მოსავლის
შესანახი უნდა ყოფილიყო. ხაროს ჩრდილო-დასავლეთ მხარეს ქვის ნიშია.
მისგან ერთი მეტრის მოშორებით სწორკუთხა სტრუქტურის მქონე
გაურკვეველი ფუნქციის ნაგებობაა. ერდოიან ნაგებობას
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მცირე ზომის დაზიანებული ეკლესია, ხოლო
ჩრდილო-დასავლეთიდან კვადრატული გეგმის ნაგებობა ეკვრის. 2020 წლის
არქეოლოგიური ანგარიშში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეკლესიის ადგილას
უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი შენობები თავისი დამხმარე სამეურნეო
სათავსებით, რომელთა ნაწილი ეკლესიის საკურთხეველში მოექცა. შედარებით
უკეთაა შემორჩენილი სამხრეთ-აღმოსავლეთი კედელი, რომელიც ნაშენია
კირხსნარზე ბაზალტის ქვებით, რომლის წყობაშიც ალაგ-ალაგ ტუფის
გათლილ-დამუშავებული ქვებია ჩართული. ბოლოდროინდელი კვლევების
საფუძველზე ირკვევა, რომ ეკლესია IX-X სს. ადრეული არ უნდა იყოს. ეკლესიას
ჩრდილოეთიდან ეკვრის პატარა ნაგებობა. მის ჩრდილო-დასავლეთი კედლის
ჩრდილოეთ ნაწილში შემორჩენილია ქვითა და კირხსნარით ამოშენებული
სამეურნეო ხარო. ერდოიანი ნაგებობიდან სამხრეთ-დასავლეთით 1,30 მ-ის
დაშორებით, ზედა ტერასაზე გაითხარა კვადრატული ნაგებობა, რომელსაც
ბანიანი გადახურვა უნდა ჰქონოდა.
გოგიჩაანთ ღელის ნამოსახლარის მონუმენტური კომპლექსი XII-XIII სს. საერო
არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია. გამოთქმულია ვარაუდი, რომ იგი
მდიდარ ფეოდალს ეკუთვნოდა. კომპლექსი თითქმის პირვანდელი სახითაა
შემორჩენილი. მშენებლობის ხასიათით, მონუმენტურობით, სტრუქტურით და
არტეფაქტებით გამორჩეულ ძეგლი შესაძლოა გადაიქცეს
შემეცნებით-სანახაობრივ ღირშესანიშნაობად, სადაც ორგანულად იქნება
წარმოდგენილი საცხოვრებელი, სამეურნეო, მარცვლეული, მევენახეობისა და
ვაზის კულტურების კულტურული ფენები.
მიუხედავად 2020-21 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისა, ობიექტი
სისტემატურად საჭიროებს ხე-მცენარეების საფუძვლიან შეწამვლას,
გაწმენდასა და კონსერვაციას. ზოგიერთი ნაგებობა ჩამოშლის პირასაა და
ზოგან მისი ნაწილები საფუძველგამოცლილია. ამასთან, ხე-მცენარეთა
ფესვები შეზრდილია ძეგლის საფუძველში, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის
მის მდგრადობას. ნალექის დროს დაგროვილი წყალი კომპლექსის საფუძველს
რეცხავს.
ძეგლის ეროვნული, მაღალმხატვრული და არქიტექტურული მნიშვნელობიდან
გამომდინარე, საჭიროა მისი რეაბილიტაცია-კონსერვაცია, რისთვისაც
შესადგენია შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობების
მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია
სახელმწიფოს განვითარების პროცესში. მძიმე მდგომარეობაში მყოფი
ძეგლებისათვის აუცილებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება,
რისთვისაც შესადგენია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც
განსაზღვრავს რეაბილიტაციის მიმართულებებს.
მიზანი და ძირითადი პირობები
ძეგლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის
მიზანია მისი მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის,
აუთენტურობის შენარჩუნების, კონსერვაციის, ინტერპრეტაციის და
დაცულობის უზრუნველყოფა.
ტენდერის მიზანია გოგიჩაანთ ღელის ქვის დარბაზების კომპლექსი
ეკლესიით, კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და რეაბილიტაციის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რაც სამომავლოდ
გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველი.
კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოების განხორციელებისთვის
ტერიტორიის მწვანე საფარისგან (ხე-ბუჩქნარი) გაწმენდის აუცილებლობის
შემთხვევაში, სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი
ტექნოლოგიების გამოყენებით.
ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლზე არსებული
მდგომარეობის აუცილებელი ყველა ასპექტის გამოსწორება, რომელიც
გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას მოითხოვს, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ
ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ მხატვრულ
გადაწყვეტას.
ძეგლის გაწმენდითი და კვლევითი სამუშაოები უნდა განხორციელდეს
არქიტექტორ-რესტავრატორისა და არქეოლოგის ზედამხედველობით.
საპროექტო დოკუმენტაციაში გასათვალისწინებელია შემდეგი:
• 2020-21 წლებში გათხრილი და გამოვლენილი ნაგებობების
კონსერვაცია-რესტავრაცია;
• ფუძე-გრუნტების გამაგრება;
• ატმოსფერული ნალექების კომპლექსის ტერიტორიიდან გადაყვანა;
• კომპლექსის ტერიტორიის განათება, ბილიკების, ორენოვანი საინფორმაციო
ბანერის და ტურისტული სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.
კვლევითი და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების პროცესში
ნაგებობის გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების გადაწყობის
აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო მასალა უნდა დაფიქსირდეს,
მოიხსნას და დასაწყობდეს არქიტექტორ-რესტავრატორის
ზედამხედველობით.
ძეგლზე ჩასატარებელი მიწის სამუშაოები და ობიექტის
ხე-მცენარეებისგან გაწმენდა უნდა განხორციელდეს არქეოლოგიური
ზედამხედველობით.
მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების
შემთხვევაში, სამუშაოები განხორციელდეს ხელით. მიწის სამუშაოთა
მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ახალი ობიექტის აღმოჩენის
შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ
დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნულ სააგენტოს.
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა
მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან,
განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და
არასასურველი ზემოქმედებისგან.
კვლევის მიზნით ძეგლზე განსახორციელებელი ფიზიკური სამუშაოები უნდა
შესრულდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კვლევითი სამუშაოების
ნებართვის საფუძველზე.
კვლევით ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დაზიანება თუ რღვევა.
რეაბილიტაციის პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის არსებული მძიმე
მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ღონისძიება.
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნების მისაღწევად ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
- ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ
ღირებულებას;
- გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის,
ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.
პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:
საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩამოყალიბდეს
რეკომენდაციები ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის
თაობაზე და შესრულდეს ძეგლის რეაბილიტაცია-კონსერვაციის შესაბამისი
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;
საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო
სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის
2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“
მოთხოვნათა შესაბამისად;
შემსყიდველი იტოვებს უფლებას საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის
პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ
გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობებისა და შინაარსის მნიშვნელოვან
ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო
დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს
მოთხოვნები მისაღები (დასამუშავებელი) პროექტის მიმართ;
გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრულ (ვექტორული DWG, DXF, PLN
გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
გასაწევი მომსახურება ორეტაპიანია. შესრულებული სამუშაოების
ჩაბარების საბოლოო ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან
არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული თვით;
გასაწევი მომსახურება (მიმდინარე სამუშაოები) პერიოდულად
გაკონტროლდება შემსყიდველთან შეთანხმებული, შესასრულებელი
სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით.
შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი
მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ხელშეკრულების
გაფორმებიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.