ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი
სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების
განხორციელება.
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა
არქეოლოგიური ობიექტი აღმოჩნდა 2008 წ. ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფ.
ჭობარეთის თავზე, ადგილ სატიკნეს გორის სამხრეთ კალთაზე,
ასპინძა-ახალციხის მაგისტრალური გაზსადენის გაყვანის დროს.
არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2016, 2019, 2020 და 2021 წლებში.
რის შედეგადაც შესწავლილ იქნა: ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი და
სამაროვანი; გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის და შუა საუკუნეების
ნამოსახლარების ნაშთები.
ადრებრინჯაოს ხანის (მტკვარ-არაქსის კულტურა) ტერასული ნამოსახლარი ამ
დროის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა. დღევანდელი არასრული მონაცემებით
მისი სიგრძე დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზე 450 მ. ხოლო, სამხრეთ-ჩრდილოეთის
ხაზზე 250 მეტრია. ჯერჯერობით სხვადასხვა ტერასაზე გამოვლენილი და
შესწავლილია ქვით ნაშენი 14 ნაგებობა. შენობის კედლები ნაგებია ერთრიგად
თიხის ხსნარზე სხვადასხვა ზომის კლდის ქვებით. მათი უმეტესობა
ერთოთახიანია, გვხვდება ორი და სამოთახიანებიც. შენობების ნაწილს
ზურგის კედელი რკალურად აქვს მოხრილი. კედლების შემორჩენილი სიმაღლე 1.20
მეტრიდან 2.70 მეტრია. ზოგიერთ მათგანს, თიხატკეპნილ იატაკთან, ზურგის
კედელზე მიდგმული აქვთ 0.10-0.15 მ სიმაღლის და 0.40-0.60 მ სიგანის ბაქნები, ხოლო
ოთახის შუა ნაწილში იატაკზე გამართული აქვთ თიხის წრიული კერები.
ნაგებობებს საფასადო მხარე სამხრეთით უნდა ჰქონოდათ, რომელიც არ
შემორჩენილა.
ნამოსახლარზე სხვადასხვა სახის კერამიკული ნაწარმია აღმოჩენილი:
გვხვდება დიდი ზომის ქვევრისებური ფორმის ჭურჭელი, დერგები, ქილები,
ქოთნები, კოჭბები, ბადიები, ჯამები და სხვ. მათი ნაწილი გამომწვარია
რუხად, წითლად, ნაწილი შავზედაპირნაპრიალები და ვარდისფერსარჩულიანია.
ზოგიერთი ჭურჭელი შემკულია რელიეფური და ამოღარული ორნამენტით;
მრავალფეროვანია თიხის სარქვლები, ისინი ერთმანეთისაგან
განსხვავდება როგორც ზომით, ასევე შემკობით; გარდა ჭურჭლისა,
ნაგებობებში ნაპოვნია თიხის წრიული, ფართობორტიანი კერები და
სხვადასხვაგვარი სადგრები, მათი ნაწილი ნალისებრი ფორმისაა.
კერამიკული ნაწარმის გარკვეული რაოდენობა (თიხის ჭურჭელი, სადგრები,
სარქვლები) შემკულია რელიეფური და ამოღარული სახეებით, მათზე
გამოსახულია ფრინველები, ცხოველები, აბსტრაქტული არსებები, სპირალები
და სხვ.
ადრებრინჯაოს ხანაში, ჭობარეთში განვითარებული ჩანს მიწათმოქმედება
და მესაქონლეობა. ამის დამადასტურებელია აქ გამოვლენილი ოთხი ჯიშის
ხორბლის მარცვლების, პალინოლოგიური მტვრის, ნამგლის კაჟის ჩასართების,
ხელსაფქვავების და მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ძვლები.
ნაპოვნია სპილენძის ჩამოსასხმელი ყალიბი და სპილენძის ერთნახევარი
ხვია.
ნამოსახლარზე აღმოჩენილია სამარხებიც, ისინი წარმოდგენილია კლდის
ტეხილი ქვებით ნაშენი აკლდამებით, სამეურნეო ორმოში გამართული
სამარხებით და შენობის იატაკში ჩადგმული დერგსამარხით. სამარხები
ინდივიდუალური და კოლექტიურია, მიცვალებული დაკრძალულია
ხელფეხმოკეცილი მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ჩატანებული აქვთ მცირე
რაოდენობით თიხის ჭურჭელი, ძვლის კვირისტავი ან უინვენტაროა.
გარდა ამისა, ნამოსახლარის ტერიტირიაზე გამოვლენილია
გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები და შუა
საუკუნეები ნაგებობების ნაშთები,ზღუდე და კერამიკული ფრაგმენტები.
აღნიშნული ობიექტები სხვადასხვა მიზეზის გამო ნაკლებადაა
შესწავლილი.
2020-2021 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს დაფინანსებით გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრები
გაგრძელდა ნამოსახლარის აღმოსავლეთ ნაწილში, ტერასაზე, სადაც წინა
წლებში მაგისტრალური გაზსადენის გაყვანის დროს დაზიანდა
მტკვარ-არაქსის კულტურის ქვის ნაგებობები. სულ გაითხარა ოთხი ნაგებობა,
ორი ნაგებობის ნაშთი და დანგრეული სამარხი. ამავე წლებში ნამოსახლარის
სამხრეთ ფერდზე შესწავლილი იქნა დაზიანებული ქვის ორი ნაგებობა და
სამი სამეურნეო ორმო.
ამჟამად, არქეოლოგიური ობიექტი მძიმე დღეშია: საბჭოთა პერიოდში
გაკეთებულია ბლინდაჟის და სანგრების თხრილები; მაგისტრალური
გაზსადენის მომსახურების მიზნით გაჭრილია გზა; გაზსადენის მილის
გაყვანის დროს დაზიანებულია კლდის დედაქანი, რის გამოც ის იშლება და
თანდათანობით ჩამოაქვს ძველი ნაგებობების ნაშთები და კულტურული
ფენები; შექმნილ მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ნამოსახლარი
მკვეთრად დაქანებულ მთის ფერდზეა გამართული და კლიმატური თუ ეროზიული
მოვლენების შედეგად ხდება ნიადაგის ჩამორეცხვა, რაც კიდევ დამატებით
აზიანებს მას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე საჭიროა ჭობარეთის
ნამოსახლარზე გაგრძელდეს გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრები.
ჭობარეთის ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ტერიტორიაზე 2025 წელს
ჩასატარებელი სამუშაოები:
1. წინა წლებში გათხრილი ნასახლარის ტერიტორიის გაწმენდა მცენარეული
საფარისა და ჩამორეცხილი მიწა-ღორღისგან (60X12);
2. ნამოსახლარის პირველი უბნის (ბორცვი I) მეორე ტერასაზე წინა წლებში
დაწყებული ქვის ნაგებობის პრეპარაცია (6X5);
3. ბორცვის ჩრდილოეთ ნაწილში მესამე ტერასაზე ჰუმუსის მოხსნა (15X5X0,3);
4. ბორცვის ჩრდილოეთ ნაწილში მესამე ტერასაზე გამოვლენილი კულტურული
ფენის პრეპარაცია (15X5);
5. ნამოსახლარის მეორე უბნის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმუსოვანი ფენის მოხსნა
(10X5X0,3);
6. ნამოსახლარის მეორე უბნის ჩრდილოეთ ნაწილში გამოვლენილი კულტურული
ფენის პრეპარაცია (10X5);
7. მიწის გატანა ხელით და ურიკით 20 მ. მანძილზე;
8. 2019-2025 წწ. განათხარი ფართობის (100 კვ/მ) მიწით სავსე ტომრებით და მიწის
ფენით ნაწილობრივი რეკულტივაცია.
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების
შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია,
სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების
სრული დაცვით;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი
მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე,
მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ
ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას
ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს
მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას
სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი
გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით,
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი
ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს სამუშაოთა
მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის
გეგმას.
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ
ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე;
შრიფტის სახე -Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11;
სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ,
ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ.,
(სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების
ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება -
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი),
მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და
მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი
სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე;
შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და
მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და
ვიზუალური აღწერის მასალები;
შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ_ბიბლიოგრაფიული და
საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე
მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების
ანალიზი;
შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი
1:2000 ან 1:500), GGPS კოორდინატებით;
არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა და
ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100) ძირითადი
პარამეტრების ზომების დატანით;
შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
ტექსტური აღწერილობა;
ხარჯთაღრიცხვა (მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ბეჭდით და
ხელმოწერით).
სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა
არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მიღებიდან 1 კალენდარული თვე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.