ტექნიკური დავალება
პრეამბულა
ორბელიანთა სასახლის კომპლექსი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში,
სოფ. ლამისყანის შუაგულში, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე ს/კ 67.05.38.261.
„ლამისყანის კომპლექსში“ თავმოყრილია საფორტიფიკაციო, სასულიერო და
საერო არქიტექტურის გვიანფეოდალური პერიოდის ძეგლები.
კომპლექსი შედგება გალავნის კედლების კვეთაში მოქცეული ოთხი მრგვალი
კოშკის, შიდა ეზოს, მაცივრის, გალავნის გარეთ მდებარე წმ. გიორგის
სახელობის კარის ეკლესიის, მარნის, თავლის, წისქვილის და გალავნის
სამხრეთის კედელზე გარედან მიშენებული სასახლის ნაგებობებისგან. თვით
სასახლე XIX საუკუნის ოთხკუთხა, ორსართულიანი ნაგებობაა და ჩვენამდე
მრავალი მიზეზის გამო ძლიერ შეცვლილი და დაზიანებული სახით მოაღწია.
2018 წელს შემუშავდა ნაგებობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია,
რომელიც გულისხმობდა მუზეუმის შენობის (სასახლის): ფასადებისა და
ინტერიერის კედლების, სახურავის, იატაკების რეაბილიტაციას, შშმ
პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას; სანკვანძებისა და შიდა
წყალ-კანალიზაციის სისტემის, ელ. გაყვანილობისა და სუსტი დენების
გაყვანილობის მოწყობას; კომპლექსის ეზოს კეთილმოწყობას.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, აღნიშნული პროექტის
საფუძველზე, 2021 წელს განხორციელდა კომპლექსის ტერიტორიის
კეთილმოწყობის I ეტაპის სამუშაოები, რაც მოიცავდა შიდა ტერიტორიის
გაწმენდას ნაგვისა და ჩახერგილობისგან, წყალმიმღები არხების
ნაწილობრივ მოწყობას და სავალ ნაწილზე ქვაფენილის დაგებას.
2022 წელს არსებული საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში დაიწყო ძეგლზე
ფიზიკური სამუშაოების განხორციელება: მიმდინარეობს ხის
კარ-ფანჯრებისა და აივნების რეაბილიტაცია.
სახურავის ბურულისა და ნაწილობრივ ხის მასალის გამოცვლის პროცესში
გამოვლინდა, რომ ორბელიანთა სასახლის სახურავის ხის მასალა, სიძველისა
და დაზიანებების გამო, მთლიანად გამოუსადეგარია და შეცვლას
საჭიროებდა. მიმდინარე ფიზიკური სამუშაოების პროცესში შეიცვალა
გადახურვის სრული კონსტრუქცია და ბურული; ვინაიდან
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ითვალისწინებდა მხოლოდ
კონსტრუქციის ნაწილობრივ და კრამიტის სრულად შეცვლას, სამუშაო
პროცესში მოხდა სახურავის გადახურვის საპროექტო გადაწყვეტების
დაკორექტირება.
რეაბილიტაციის პროცესში, წინასწარი დაზვერვითი სამუშაოებით დადგინდა,
რომ სასახლის სართულების გადახურვის კოჭები დაზიანებულია, პირველი
სართულის იატაკის ქვეშ სივრცე ამოვსებულია სამშენებლო ნაგვითა და
მიწით. ასევე, სხვენში გამოვლინდა საკვამურის მდებარეობა, რომელიც
დოკუმენტაციაში არ დაფიქსირებულა. იგი შესაძლებელია განეკუთვნებოდეს
სარდაფის სართულში მდებარე (სავარაუდოდ) რომელიმე ბუხარს ან
წარმოადგენდეს სარდაფის სართულის სავენტილაციო არხს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, საპროექტო დოკუმენტაციით
გათვალისწინებული სამუშაოები: იატაკების მოწყობა, სანკვანძებისა და
შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემის, ელ. გაყვანილობის და სუსტი დენების
გაყვანილობა, ფასადისა და ინტერიერის კედლების რეაბილიტაცია არ
განხორციელებულა.
შეიქმნა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო იმგვარი დოკუმენტაციის
შემუშავების აუცილებლობა, რომელშიც ასახული იქნება შენობის
ფაქტობრივი მდგომარეობა და გათვალისწინებული იქნება რეაბილიტაციის
ყველა საჭირო, შემდგომი ღონისძიების გატარება.
ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობების
მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია
სახელმწიფოს განვითარების პროცესში. მძიმე მდგომარეობაში მყოფი
ძეგლებისათვის აუცილებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება,
რისთვისაც შესადგენია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც
განსაზღვრავს რეაბილიტაციის მიმართულებებს.
მიზანი და ძირითადი პირობები
ძეგლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შედგენის მიზანია მისი მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის,
ავთენტურობის შენარჩუნების, ინტერპრეტაციისა და დაცულობის
უზრუნველყოფა.
ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს მისი არსებული
მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი
სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ
მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ
გადაწყვეტას.
საპროქტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და
საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები და შესაბამისად
შესრულდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. საპროექტო
დოკუმენტაციამ უნდა მოიცვას არსებული მდგომარეობის გამოსწორების
აუცილებელი ყველა ღონისძიება.
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნების მისაღწევად ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს: შეძლებისდაგვარად
მინიმალური და ადვილად უკუქცევადი; გამოყენებული უნდა იქნას
ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან თავსებადი მასალები; ჩარევა არ
უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ ღირებულებას. ყველა
ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.
პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:
საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო
სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობის
2007 წ. 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“
მოთხოვნათა შესაბამისად;
საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და
საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები ძეგლზე
ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის თაობაზე და შესრულდეს ძეგლის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;
ძეგლის გაწმენდითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს არქეოლოგიური
ზედამხედველობით;
განხორციელებული კვლევების დასკვნა-რეკომენდაციების საფუძველზე
დადგენილი სარეაბილიტაციო მეთოდოლოგია და საჭირო ჩარევები, პირველ
ეტაპზე შეთანხმდეს შემსყიდველთან.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის
პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ
გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან
ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო
დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს
მოთხოვნები მისაღები (დასამუშავებელი) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მიმართ;
გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრული (ვექტორული DWG, DXF, PLN
გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.
გასაწევი მომსახურება ორეტაპიანია. შესრულებული სამუშაოების
ჩაბარების საბოლოო ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან
არაუგვიანეს 6 (ექვსი) კალენდარული თვით.
გასაწევი მომსახურება (მიმდინარე სამუშაოები) პერიოდულად
გაკონტროლდება შემსყიდველთან შეთანხმებული, შესასრულებელი
სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით.
შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი მიმწოდებელმა
შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან,
არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.
სრულად ტექნიკური დოკუმენტაცია იხილეთ ატვირთული ფაილის სახით.