პრეამბულა
ქალაქ ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე
ამოზიდულ მწვანე ყვავილას კონცხის წვერზე, ეროვნული მნიშვნელობის
კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მწვანე ყვავილას
კომპლექსში შემავალი ციხე-კოშკი მდებარეობს. (ს/კ 03.03.23.399; კოორდინატები: X
42.27624065 Y 42.71582862), ციხე-კოშკი ოთხკუთხა ფორმისაა, გაბარიტებით 10.5X6.5მ., ქვითკირით
ნაშენი კედლების სისქე თითქმის 2 მ-ია. სიმაღლით დაახლოებით 15-20 მ-ია,
მწვანე ყვავილას კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს
აერთიანებს: დარბაზული ეკლესია (XII ს.), მთავარანგელოზის სახელობის
ეკლესია, ციხე-კოშკი და ქვარიანისეული ეკლესია. კომპლექსში შემავალ
ძეგლთაგან ყველაზე ადრეული დარბაზული ეკლესიაა. მის აღმოსავლეთით
მდებარეობს 1909-1913 წლებში აგებული მთავარანგელოზთა სახელობის
თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათიანი ტაძარი. კონცხის ჩრდილო-დასავლეთ
ფერდზე, ძველი სასაფლაოზე მაღალი, მძლავრი კოშკი და დარბაზული
ეკლესიაა.
კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, 1637-39 წლებში აგებული მცირე ზომის
დარბაზული ეკლესია, სუბსტრუქციაზეა აღმართული. დასავლეთიდან ეკლესიას
მიდგმული აქვს მძლავრ, თაღოვან სვეტებზე დაფუძნებული კარიბჭე.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს უკანასკნელი XVII საუკუნეში მოღვაწე
დასავლეთ საქართველოს კათალიკოსს ზაქარია ქვარიანს აუგია, რომელიც
მანამდე გელათის მიტროპოლიტი იყო. გარდა ეკლესიისა მას ციხე და
სახლ-კარი აუშენებია.
კოშკი ენტაზისიანია, ნაგებია ღია ფერის სხვადასხვა ზომის ქვის წყობით,
შემორჩენილია ორი სართულის დონეზე. შესასვლელი სამხრეთითაა. სწორკუთხა
მოხაზულობის შესასვლელის წირთხლები ერთ ქვაშია ამოკვეთილი. ოთხივე
მხრიდან სხვადასხვა ზომის სათოფურები აქვს გაჭრილი. აღმოსავლეთით
ოთხი, დასავლეთით სამი, ჩრდილოეთით ორი, სამხრეთით კი ერთი. ამავე
კედელზე ბუხარია, რომლის კვამლსადენი გარეთ გამოდის.
მწვანე-ყვავილას კომპლექსის ტერიტორიაზე საზოგადო მოღვაწეთა
პანთეონია მოწყობილი, სადაც არაერთი გამოჩენილი ისტორიული პირი
განისვენებს.
ადგილზე მდგომაროების შესწავლით ირკვევა, რომ კედელზე ამოსული
ხე-მცენარეები აზიანებს ციხე-კოშკის კედლებს. კედლის სტრუქტურა
დარღვეულია, გამოქარულია, ცვივა ქვები, რაც საფრთხეს ქმნის
მიმოსვლელთათვის. ასევე, კოშკში ატმოსფერული ნალექი იჟონება, სარინელი
დარღვეულია, კედლებზე უსისტემოდ მიმაგრებულია კაბელები. ძეგლის
სიმყარის შესანარჩუნებლად და უსაფრთო გარემოს შექმნისთვის საჭიროა
ქმედითი ღონისძიებების ჩატარება, კერძოდ, ხე-მცენარეების შეწამვლა,
მწვანე საფარისგან გათავისუფლება, სახურავის შეკეთება, სარინელის
მოწყობა, კედლის გამოქარული ადგილების შევსება, ბზარების ამოგოზვა.
კომპლექსში შემავალი ციხე-კოშკზე არსებული მდგომარეობა მოითხოვს
სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას, რისთვისაც
მოსამზადებელია შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღიცხვო
დოკუმენტაცია.
მიზანი და ძირითადი პირობები
1. ძეგლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი მდგრადი განვითარების,
ერთიანობის ურღვევობის, ავთენტურობის შენარჩუნების, კონსერვაციის,
ინტერპრეტაციისა და დაცულობის უზრუნველყოფა.
2. ტენდერის მიზანია კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და
რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება,
რაც სამომავლოდ გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების
საფუძველი.
3. ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლზე არსებული მძიმე
მდგომარეობის გამოსწორების ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები
მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ
ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ მხატვრულ
გადაწყვეტას.
4. პირველ ეტაპზე, სრულყოფილი კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები უნდა
ჩატარდეს შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით.
5. კვლევითი და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების პროცესში
ნაგებობის გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების გადაწყობის
აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო მასალა უნდა დაფიქსირდეს,
მოიხსნას და დასაწყობდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის
ზედამხედველობით.
6. კვლევითი სამუშაოების დასრულების შემდგომ, გამოკვლეული მონაკვეთი
დაკონსერვდეს ან/და მიყვანილ იქნეს იმგვარ მდგომარეობაში, რომ არ
გაგრძელდეს ძეგლის დაზიანება და დაცული იქნას უსაფრთხოება.
7. მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების
შემთხვევაში, სამუშაოები განხორციელდეს ხელით, არქეოლოგიური
ზედამხედველობით.
8. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ახალი ობიექტის
აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და
ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
9. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა
მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან,
განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და
არასასურველი ზემოქმედებისგან.
10. ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევა, რომელიც
მოიცავს საპროექტო ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალურ და
ინსტრუმენტულ კვლევას, უნდა შესრულდეს დამოუკიდებელი სპეციალისტის
მიერ.
11. კონსტრუქციული პროექტის მუშა დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს
ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევის
რეკომენდაციების გათვალისწინებით.
12. კვლევით და საფიქსაციო ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა
დაზიანება თუ რღვევა. რეაბილიტაციის პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის
არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა
ღონისძიება.
13. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნების მისაღწევად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით
განსაზღვრული ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
• შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
• ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ
ღირებულებას;
• გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის,
ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
• ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.
პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:
1. კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო
სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის
2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“
მოთხოვნათა შესაბამისად;
2. გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრული (ვექტორული DWG, DXF, PLA
გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
3. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და
საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები ძეგლზე
ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის თაობაზე და შესრულდეს ძეგლის
რეაბილიტაციის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია.
4. ძეგლის ყველა ნაწილის საფიქსციო სამუშაოები (მაღალი რეზოლუციის 3D
სკანირება და ფოტოფიქსაცია და სხვ.) განსახორციელებელია ფრონტალური
ხედებიდან, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დეტალი, ფრაგმენტი და
ასევე დაზიანება. ჩატარებული საფიქსაციო სამუშაოებისა და მასალების
საფუძველზე, გრაფიკულ გამოსახულებაში ზუსტად უნდა იყოს ასახული ძეგლის
რეალური მდგომარეობა, მათ შორის დეტალები, შაბლონები, ფრაგმენტები და
დაზიანებები.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.