პრეამბულა
ლენტეხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის რეგიონში, მდინარე ცხენისწყლის ზედა წელში. მუნიციპალიტეტი
გამოირჩევა მთიანი რელიეფით, მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტითა
და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ისტორიულ-კულტურული
მემკვიდრეობით.
სოფელი მელე და ჩუკული მდებარეობს მაღალმთიან ზონაში, სადაც შენობათა
განლაგება მორგებულია რელიეფის ბუნებრივ ფორმებს. არქიტექტურა
ტრადიციულად ეფუძნება ადგილობრივ სამშენებლო მასალებს, ქვასა და ხეს
და გამოირჩევა მასიური კედლებითა და ციცაბო ორფერდა სახურავებით.
შენობათა კომპოზიციაში ხშირად ინტეგრირებულია საცხოვრებელი და
სამეურნეო ფუნქციები, რაც დამახასიათებელია მთიანი სვანური
დასახლებებისთვის.
სოფელები ინარჩუნებენ ტრადიციულ სვანურ იერსახეს. ზოგ შემთხვევაში
შემნორჩენილია ტრადიციული ტიპის კომლექსები, რომელთაც თავდაცვითი და
საცხოვრებელი ფუნქციები გააჩნდათ.
ორივე სოფლის ურბანულ და არქიტექტურულ იერსახეში უმთავრესი
მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციული მასშტაბისა და სტრუქტურის
შენარჩუნებას. შემორჩენილი კულტურული მემკვიდროების ძეგლების
შენარჩუნება კი მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონისა და ქვეყნისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ძეგლების ფიზიკური
მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ამ ეტაპზე დაიგეგმა ლენტეხის
მუნიციპალიტეტში მდებარე ორი ობიექტის: სოფელი მელეში - სამსონ ონიანის
კოშკისა და სოფელი ჩუკულში - ონიანების კომპლექსის (მაჩუბი)
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
სოფელი მელე - სამსონ ონიანის კოშკი (კოორდინატები - X: 42.79618536, Y: 43.06805595, ს/კ 87.07.23.
015.027)
კოშკი ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით (გარე პერიმეტრი 5.90X5.90 მ.;
სიამღლე დაახლოებით 21.0 მ.-მდე). კოშკის ფასადებზე ნალესობა ადგილ-ადგილ
არის შემორჩენილი. კარი გაჭრილია აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელზე - მეორე
სართულის დონეზე (მიწიდან დაახლოებით შვიდი მეტრის სიმაღლეზე). ორივე
კარს აქვს არქიტრავული გადახურვა და ორივე ნაოთხალია. კოშკი
გვირგვინდება ოდნავ შვერილი სამთაღოვანი ქუდით. ნაგებობა გადახურულია
ხის კონსტრუქციაზე გამართული ფიქალის ქვით. ვინაიდან კოშკის
შესასვლელი საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. კიბის გარეშე ასვლა შეუძლებელია.
აღმოსავლეთი კარის სამხრეთი წირთხლი დაზიანებულია და გადმოზნექილია
კარის მხარეს. კედლებზე ექსტერიერსა და ინტერიერში გაჩენილია
ვერტიკალური ბზარები.
ფასადები ადგილ-ადგილ დაფარულია ბიოსაფარით. სახურავის ფილები
ფრაგმენტულად ჩამოცვენილია. სართულშუა გადახურვების ქვის შევსება
ნაწილობრივ დაზიანებულია და ჩაედინება ატმოსფერული ნალექი. კოშკის
გარშემო მაღალი ხეებია, რომელთა ტოტები სახურავზეა გადაწოლილი.
სოფელი ჩუკული ონიანების კომპლექსი (მაჩუბი) (კოორდინატები - X: 42.80367951, Y:
43.01437853; ს.კ 87.06.25.000.045)
ონიანების კომპლექსი მოიცავს ერთმანეთზე მიდგმულ დარბაზ-მაჩუბს,
კოშკსა და საცხოვრებელ სახლს. დასავლეთ ნაწილში მდებარეობს -
დარბაზ-მაჩუბი, მის აღმოსავლეთით - კოშკი, ხოლო კოშკის
ჩრდილო-აღმოსავლეთით - საცხოვრებელი სახლი. მაჩუბი ორსართულიანია
(კედლების გარე პერიმეტრია - 12.0X15.0 მ.) პირველ სართულზე ბოსელი და
საკუჭნაოა. შესასვლელი სამხრეთი კედლის შუა ნაწილშია გაჭრილი.
შესასვლელის ორივე მხარეს განიერი, დარაბებიანი სარკმელია. ასევე,
ორ-ორი ღიობია გაჭრილი დასავლეთ და ჩრდილოეთ კედელზე. ინტერიერში
ჩრდილოეთ და დასავლეთ გაყოლებაზე მოწყობილია 20 თაღიანი „ლეჭუნდირი“,
რომელზეც ამოკვეთილია სხვადასხვა სახის ორნამენტი, მაჩუბის სართულშუა
გადახურვა ეყრდნობა ხის დედაბოძზე მოწყობილ მორებს. მის ქვეშ
მოწყობილია კერა. მაჩუბის მეორე სართულს ორი მხრიდან შემოუყვება
აივანი. ინტერიერი შედგება ერთი დიდი ოთახისგან. მისი იატაკი ფიცრულია.
დარბაზი გადახურულია ორფერდა სახურავით, რომლის ხის კონსტრუქციაც
ეყრდნობა დედაბოძს. თავდაპირველად, გადახურული იყო ფიქალით, თუმცა
დაზიანების გამო, ახლა თუნუქის საბურველი აქვს გაკეთებული.
ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობების ფიზიკური მდგომარეობის
გაუმჯობესებისა და მათი ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულებების
შენარჩუნების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი რესტავრაციის
განხორციელების შესახებ. აღნიშნული სამუშაოების წინაპირობად
განისაზღვრა შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადება, რაც უზრუნველყოფს რესტავრაციის პროცესის გეგმიურ,
ტექნიკურად გამართულ და ნორ მატიულ მოთხოვნებთან შესაბამის
შესრულებას.
მიზანი და ძირითადი პირობები
1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი
მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, ავთენტურობის
შენარჩუნების, კონსერვაციის, ინტერპრეტაციისა და დაცულობის
უზრუნველყოფა.
2. ტენდერის მიზანია კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და
რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება,
რაც სამომავლოდ გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების
საფუძველი.
3. ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლზე არსებული მძიმე
მდგომარეობის გამოსწორების ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები
მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ
ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ მხატვრულ
გადაწყვეტას.
4. პირველ ეტაპზე, სრულყოფილი კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები /3D სკანირება,
გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით კროკების შესრულება,
კედლების ზონდაჟები, ფუძე-გრუნტებისა და დაფუძნების
საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, არსებული სამშენებლო მასალების კვლევა
(დაზიანებების სრულყოფილად დასადგენად ნიმუშები აღებული უნდა იქნას
საკვლევი შენობის ყველა საჭირო მონაკვეთიდან) და სხვ./ უნდა ჩატარდეს
შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით.
5. კვლევითი და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების პროცესში
ნაგებობის გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების გადაწყობის
აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო მასალა უნდა დაფიქსირდეს,
მოიხსნას და დასაწყობდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის
ზედამხედველობით.
6. კვლევითი სამუშაოების (საინჟინრო-გეოლოგიური შურფ(ებ)ი, ზონდაჟ(ებ)ი,
გახსნილი არქეოლოგიური ფენა/ობიექტი ან ფრაგმენტი) დასრულების
შემდგომ, გამოკვლეული მონაკვეთი დაკონსერვდეს ან/და მიყვანილ იქნეს
იმგვარ მდგომარეობაში, რომ არ გაგრძელდეს ძეგლის დაზიანება და დაცული
იქნას უსაფრთხოება.
7. მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების
შემთხვევაში, სამუშაოები განხორციელდეს ხელით, არქეოლოგიური
ზედამხედველობით.
8. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ახალი ობიექტის
აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და
ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
9. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა
მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან,
განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და
არასასურველი ზემოქმედებისგან.
10. ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსური კვლევა, რომელიც
მოიცავს საპროექტო ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალურ და
ინსტრუმენტულ კვლევას, უნდა შესრულდეს დამოუკიდებელი სპეციალისტის
მიერ.
11. კვლევით და საფიქსაციო ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა
დაზიანება თუ რღვევა. რეაბილიტაციის პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის
არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა
ღონისძიება.
12. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნების მისაღწევად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით
განსაზღვრული ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
• შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
• ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ
ღირებულებას;
• გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის,
ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
• ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.
პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:
1. კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო
სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის
2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“
მოთხოვნათა შესაბამისად;
2. გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრული (ვექტორული DWG, DXF, PLA
გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
3. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და
საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები ძეგლზე
ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის თაობაზე და შესრულდეს ძეგლის
რეაბილიტაციის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია.
4. ძეგლის ყველა ნაწილის საფიქსციო სამუშაოები (მაღალი რეზოლუციის 3D
სკანირება და ფოტოფიქსაცია, გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული
მეთოდით აზომვა და კროკების შესრულება) განსახორციელებელია
ფრონტალური ხედებიდან, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დეტალი,
ფრაგმენტი და ასევე დაზიანება. ჩატარებული საფიქსაციო სამუშაოებისა და
მასალების საფუძველზე, გრაფიკულ გამოსახულებაში ზუსტად უნდა იყოს
ასახული ძეგლის რეალური მდგომარეობა, მათ შორის დეტალები, შაბლონები,
ფრაგმენტები და დაზიანებები.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.