პრეამბულა
სოფელი ხოვლე, როგორც ისტორიული დასახლება, XI საუკუნიდან მოყოლებული
ხშირად მოიხსენიება ქართულ საისტორიო წყაროებსა თუ საბუთებში. როგორც
უძველესი დასახლება, ხოვლე მნიშვნელოვანია არქეოლოგიური
თვალსაზრისითაც. მის ტერიტორიაზე გაითხარა გვიანი ბრინჯაოსა და
ანტიკური ხანით დათარიღებული ნამოსახლარი გორა, სახელოსნო უბანი,
სამაროვანი და საკულტო ნაგებობა. სოფელი და მისი მიდამოები საკმაოდ
მდიდარია, აგრეთვე შუა და გვიან შუასაუკუნეების ხანის საკულტო და სხვა
დანიშნულების (ზესხევის წყალზე აგებული აკვედუკი, სოფლის
ჩრდილო-დასავლეთით მდგარი კოშკი) ნაგებობებითაც.
XX საუკუნის დასაწყისში ჯავახიშვილების სამოსახლო მჭიდროდ დასახლებული
უბანი ყოფილა. ცნობილ ქართველ მეცნიერს, ისტორიკოსსა და საზოგადო
მოღვაწეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამფუძნებელს,
ივანე ჯავახიშვილს ხოვლეში გაუტარებია ბავშვობისა და ყრმობის წლები,
შემდგომშიც მას ხშირად სტუმრობდა და ეწეოდა სამეცნიერო სამუშაოს.
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის შენობა სოფლის თავში, ქუჩის პირთან
ახლოს მდებარეობს. შენობა აგურისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით არის
ნაშენი. დამრეც რელიეფზე განთავსების გამო სრული ორი სართული მხოლოდ
ჩრდილოეთ ნაწილშია, ხოლო სამხრეთით შენობის მხოლოდ ერთი სართული
გამოდის. არსებულ გარემოზე ორიენტირებული და რთულ რელიეფს ორგანულად
მორგებული შენობა, სივრცეში კომპაქტურ მოცულობად იკითხება.
ძირითადი მხატვრულ-არქიტექტურული მახასიათებლებით, შენობა XIX საუკუნის
ქართლის საერო არქიტექტურის ზოგად სტილისტურ ნიშნებს ატარებს და
დეკორის თვალსაზრისით (კედლის შერეული წყობა, ფასადების ხის
მოხარატებული აივნებით გახსნა) ქართლის სოფლების თავადური
საცხოვრებელი სახლის ნიმუშად გვევლინება.
XX საუკუნის განმავლობაში შენობას რეკონსტრუქცია რამდენჯერმე
ჩაუტარდა, თუმცა საერთო გეგმარების მხრივ, დიდი ცვლილებები არ განუცდია.
თუმცა, საკარმიდამო ეზოში სიძველეთაგან არაფერია შემორჩენილი. ეზოს
ტერიტორიაზე არსებული ობიექტები (წყარო, ამორტიზებული დეკორატიული
აუზი, მონუმეტი) გვიან საბჭოთა პერიოდისაა. საყურადღებოა, ნამოსახლარი
“ხოვლეგორას” გათხრების დროს აღმოჩენილი და სახლ-მუზეუმის ეზოში
გადმოტანილი, გვიან ბრინჯაოს ხანის სამაროვანი.
სახლ-მუზეუმის წარმატებული მუშაობისთვის, მასში არსებული სამუზეუმო
ობიექტების მაქსიმალური დაცულობისა და მათი ჯეროვნად
ექსპონირებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც საგამოფენო
სივრცეებისა და სამუზეუმო ფონდების, ისე მთლიანად შენობისა და მისი
ტერიტორიის კეთილმოწყობას.
ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები
საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია შემდეგი სარეაბილიტაციო
სამუშაოების ჩატარება:
• ნახევარსარდაფი სამშენებლო ნაგვისგან გაწმენდა. ამ ნაწილში მოეწყობა
მარანი, ხოლო წინა სივრცეში - მცირე საცავი;
• ნახევარსარდაფის კედლებიდან მოიხსნება ნალესობა და კირდუღაბის
ხსნარით აღდგება ქვის და აგურის წყობა;
• ფასადები გაიწმინდება და რესტავრირდება;
• აღმოსავლეთის ავარიული კედელი დაიშლება და აღდგება არსებული წყობის
ხასიათის დაცვით, ქვის და აგურის მონაცვლეობით;
• გამოიცვლება სახურავის კონსტრუქცია და თუნუქის საფარი მთლიანად.
მოეწყობა ახალი ხის გადახურვის კონსტრუქცია და დაიფარება ბრტყელი
კრამიტის ბურულით; მოეწყობა ახალი წყალსაწრეტი მილები და წყალსადინარი
ღარები;
• კეთილმოეწყობა ეზო: შეიღებება არსებული ჭიშკრები და ლითონის
ცხაურები; მოეწყობა გაზონები, ბილიკები, გარე განათება, დაიდგმება
საპარკო სკამები, საინფორმაციო ბანერი, მოეწყობა ფანჩატური. ასევე
გადაიხურება და მოწესრიგდება ტერიტორიაზე არსებული სამაროვანი;
• ტერიტორიაზე მოეწყობა შშმ პირებისთვის ამწე პლატფორმა;
• ტერიტორიაზე აშენდება ვიზიტორთა მიღების და მომსახურების ცენტრი,
განთავსდება: საქვაბე, სატუმბო და გენერატორი;
• მუზეუმის შენობისთვის და ვიზიტორთა ცენტრისთვის მოეწყობა:
წყალმომარაგება-კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის,
გათბობა-კონდიცირების-ვენტილაციის, სუსტი დენების,
ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.
მიზანი და ძირითადი პირობები
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს
ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა
უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი
ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ
მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან
პროდუქტში მოიაზრება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მასალა, რომელიც წარმოებულია
პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული
ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო
ზედამხედველობით. საავტორო ზედამხედველობის ფარგლებში, პროექტის
ავტორი ვალდებულია ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10
რიცხვამდე) სააგენტოში წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე
შესაბამისი ანგარიში. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებული უნდა
იყოს მიმწოდებელსა და პროექტის ავტორს შორის გაფორმებულ
ხელშეკრულებაში.
სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
არქიტექტორ-რესტავრატორისა და ინჟინერ-მშენებლის ზედამხედველობით.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი (არქიტექტორ-რესტავრატორი
და ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან
სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს
მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე
სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.
მიწის სამუშაოები შესრულდეს არქეოლოგის ზედამხედველობით.
მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის
აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და
ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას
გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა
დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე
გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების
გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე
შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი
ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება
ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.