პრეამბულა
ვარძიის კლდის ხუროთმოძღვრული კომპლექსი მდებარეობს
სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა
სანაპიროზე. კომპლექსი საქართველოს მიერ 2007 წლიდან მსოფლიო
მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში წარდგენილია, როგორც
ვარძია-ხერთვისის ნომინაცია. კლდოვან ტერასაზე მოწყობილ
სუბსტრუქციაზე აღმართულია XII-XIV საუკუნეების მიჯნით დათარიღებული, თლილი
ქვით ნაშენი სამრეკლო. ნაგებობამ XX საუკუნისთვის დაზიანებული სახით
მოაღწია, კერძოდ, მიწისძვრის შედეგად სრულად ჩამოიშალა სამრეკლოს
მეორე დონე - ფანჩატური, ასევე, ჩამოიშალა სამხრეთ ფასადი, ჩაიქცა
კამაროვანი გადახურვა, დაზიანდა საპირე წყობა. 1968-1970 წწ. რესტავრირდა
ვარძიის სამრეკლო, სადაც ვარსკვლავისებური კამარის აღდგენასთან ერთად
გამაგრდა ნაგებობის სუბსტრუქციის ქვეშ არსებული კლდის მასივი.
სამრეკლოს მეორე დონის, ღია თაღოვანი ფანჩატურის, აღდგენისათვის
არასაკმარისი მასალის გამო, აღადგინეს მხოლოდ წრიული საფუძველი, ორი
რიგი საპირე ქვის წყობის სიმაღლეზე, რომელიც დასრულებულია
პროფილირებული ლავგარდნით. პირველი რეგისტრის დასასრულს, როტონდის
ქვეშ მოეწყო რკინა-ბეტონის ფარული სარტყელი
დღეის მდგომარეობით, სამრეკლოს როტონდის შიდა სივრცის გადახურვის ბოლო
შრეს წარმოადგენს ტოლის ფენა, ფანჩატურის ქვედა დონის წყობის ქვები
დასრულებულია ნალესობის ფენით, ხოლო კვადრატის კუთხეები გადახურულია
თლილი ქვის ფილებით. სავარაუდოა, რომ ნაგებობის გადახურვიდან
ატმოსფერული ნალექის გადასვლა ვერ ხერხდება, რის გამოც წყალი
ინფილტრირდება ინტერიერში, რაც წარმოადგენს ქვის დაზიანების მთავარ
გამომწვევ ფაქტორს, ნესტის კვალს ვხვდებით ქვის ფასადებზეც. დაზიანება
გამოხატულია გამოკრისტალებული თეთრი შეფერილობის პატინით
(სავარაუდოდ, გამომარილება), ასევე ბიოლოგიური კოლონიზაციით. როგორც
ექსტერიერზე, ასევე ინტერიერში და სუბსტრუქციის საპირე ქვის წყობის
ნაკერების შემავსებელი მჭიდა მასალა ფრაგმენტულად გამოფიტულია
(განსაკუთრებით, გამოფიტვა და ქვის ეროზია გამოხატულია ჩრდილოეთ
ფასადის, ადრეული სამშენებლო პერიოდის წყობის ქვებზე). დუღაბის
გამოფიტვასთან ერთად, სუბსტრუქციის სამხრეთ ფასადზე არის წყობაში
გაჩენილი სტრუქტურული ბზარი. სამრეკლოს ინტერიერის ქვედა რეგისტრი
(იმპოსტების ქვეშ) ნაწილობრივ დაფარულია შავი ქერქით. ფასადის საპირე
წყობაზე ფიქსირდება ქვის ატკეჩილი ადგილები.
აქედან გამომდინარე, პროექტი მიზნად ისახავს სამრეკლოს
მულტიდისციპლინური კვლევას, რომლის საფუძველზეც უნდა დამუშავდეს
სამრეკლოს კონსერვაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
ამასთანავე, პროექტი მოიცავს ძეგლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას,
კერძოდ, კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გარკვეულ მონაკვეთებზე
უსაფრთხოების მოაჯირების შეკეთება/მოწყობას.
დამატებით, 2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს დავალებით ააიპ „ინჟინრული აზრის“ მიერ
დასკანირდა კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, მომზადდა გრაფიკული მასალა.
დანართის სახით მოცემულია შემდეგი მასალა: 3D ლაზერული სკანირების
შედეგად მიღებული წერტილთა ღრუბლის მონაცემების საფუძველზე
დამუშავებული სამრეკლოს არქეოლოგიურ-არქიტექტურული ანაზომების DWG
ფორმატის ფაილი (შენიშვნა: მასალის გამოყენება მოხდეს საავტორო
უფლებების დაცვით).
მიზანი და ძირითადი პირობები
ძეგლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის
მიზანია მისი მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის,
აუთენტურობის შენარჩუნების, კონსერვაციის, ინტერპრეტაციის და
დაცულობის უზრუნველყოფა.
ტენდერის მიზანია კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სამრეკლოსა და
მოაჯირების კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და რეაბილიტაციის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რაც სამომავლოდ
გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველი.
ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლზე არსებული
მდგომარეობის აუცილებელი ყველა ასპექტის გამოსწორება, რომელიც
გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას მოითხოვს, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ
ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ მხატვრულ
გადაწყვეტას.
შესასრულებელია სამრეკლოს სრულყოფილი კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები
(გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით ანაზომების შესრულება,
კედლების ზონდაჟები, საჭიროებისამებრ ხარაჩოების განთავსება,
ფუძე-გრუნტებისა და დაფუძნების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, არსებული
სამშენებლო მასალების კვლევა და სხვ.) და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია.
შესასრულებელია მოაჯირების დაზიანებული ფრაგმენტების
კვლევა-ფიქსაცია და გრაფიკული დოკუმენტაცია.
ძეგლის კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები უნდა განხორციელდეს
არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით.
კვლევა-ფიქსაციის სამუშაოების განხორციელების პროცესში ნაგებობის
გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების გადაწყობის აუცილებლობის
შემთხვევაში, სამშენებლო მასალა უნდა დაფიქსირდეს, მოიხსნას და
დასაწყობდეს არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით.
მიწის სამუშაოები უნდა განხორციელდეს არქეოლოგიური
ზედამხედველობით.
მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების
შემთხვევაში, სამუშაოები განხორციელდეს ხელით. მიწის სამუშაოთა
მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ახალი ობიექტის აღმოჩენის
შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ
დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნულ სააგენტოს.
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა
მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან,
განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და
არასასურველი ზემოქმედებისგან.
კვლევის მიზნით ძეგლზე განსახორციელებელი ფიზიკური სამუშაოები უნდა
შესრულდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კვლევითი სამუშაოების
ნებართვის საფუძველზე.
კვლევით ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დაზიანება თუ რღვევა.
რეაბილიტაციის პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის არსებული მძიმე
მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ღონისძიება.
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნების მისაღწევად ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
- ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ
ღირებულებას;
- გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის,
ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.
პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:
საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და
საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები ძეგლზე
ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის თაობაზე და შესრულდეს ძეგლის
რეაბილიტაციის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია;
კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო
სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის
2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“
მოთხოვნათა შესაბამისად;
შემსყიდველი იტოვებს უფლებას საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის
პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ
გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობებისა და შინაარსის მნიშვნელოვან
ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო
დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს
მოთხოვნები მისაღები (დასამუშავებელი) პროექტის მიმართ;
გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრულ (ვექტორული DWG, DXF, PLN
გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
გასაწევი მომსახურება ორეტაპიანია. შესრულებული სამუშაოების
ჩაბარების საბოლოო ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან
არაუგვიანეს 150 (ასორმოცდაათი) კალენდარული დღით;
პირველ ეტაპზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი)
კალენდარულ დღეში შემსყიდველთან წარმოსადგენია არსებული მოაჯირების
რეაბილიტაციისა და ახალი მოაჯირების მოწყობის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;
გასაწევი მომსახურება (მიმდინარე სამუშაოები) პერიოდულად
გაკონტროლდება შემსყიდველთან შეთანხმებული, შესასრულებელი
სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით.
შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი
მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ხელშეკრულების
გაფორმებიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.