პროექტის შესახებ
აღნიშნული კვლევითი პროექტი გულისხმობს 2025 წლის ზაფხულსა და
შემოდგომაზე, დმანისის მუნიციპალიტეტში (ისტორიული
“დბანისხევი/დმანისხევი“), მდინარე მაშავერას მარჯვენა შენაკადებით
წარმოქმნილ ორმდინარეთში არსებულ ხელოვნურ წყალსაცავში (ბაშფლემის
ტბა) თევზაობისას, უშუალოდ წყლის პირას, ადგილობრივი პირების მიერ
შემთხვევით ნაპოვნ, ბრტყელი ბაზალტის ფირფიტის (რომელზეც სავარაუდო
დამწერლობის ნიშნებია ამოტვიფრული) (იხ. ფოტო 1) აღმოჩენის ადგილის
არქეოლოგიურ შესწავლას.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვაზე არსებულ ნიშანთა გრაფიკული მოხაზულობა ერთ
რომელიმე, დღემდე ცნობილ დამწერლობას არ იმეორებს, თუმცა, საუბარი
გარკვეულ გრაფიკულ მსგავსებებზე სხვა დამწერლობებთან შეიძლება. ეს
დამწერლობებია: ფინიკიური, ეგვიპტური (იერატიკული და დემოტიკური),
ბერძნული, ბრაჰმანული და ჩრდ. იბერიული. ჩანს მსგავსებები ალბანურ
ალფაბეტთან, ასევე „კოლხურ რუნებთან“, ბრინჯაოს და ადრერკინის ხანის
საბეჭდავებთან, გრაკლიანი გორის და ქართულ ასომთავრულ
დამწერლობასთან.
პროექტის აღწერა
არქეოლოგიური გათხრები დმანისში (სადაც აღმოჩენილ იქნა დამწერლობიანი
ფირფიტა), 1936 წლიდან იღებს სათავეს. 80-იან წლებში აქ ნაპოვნი იქნა ადრეული
პლეისტოცენური ეპოქისთვის დამახასიათებელი ცხოველების ძვლები, ქვის
იარაღები, 1999 და 2001 წელს ჩატარებული გათხრების შედეგად კი ნაპოვნი იქნა 1,8
მლნ. წლის ასაკის ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები Homo Georgicus. ნათელია
აღნიშნული რეგიონის მნიშვნელობა და როლი არამარტო საქართველოს, არამედ
მსოფლიოს ისტორიის მასშტაბით, თუმცა მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ
დღეს დმანისის რაიონი სრულად შესწავლილი და გამოკვლეულია. საჭიროა მდ.
მაშავერას აუზის საფუძვლიანი შესწავლა, უფრო კონკრეტულად კი ბაშფლემის
ტბის ფსკერის და მიმდებარე ტერიტორიის კვლევა, რომელიც შეუიარაღებელი
თვალითაც შესამჩნევად საინტერესოდ გამოიყურება არქეოლოგიური კუთხით.
გარდა ფირფიტისა, მიმდებარე ტერიტორიაზე ზედაპირული დათვალიერებისას,
აღმოჩნდა სხვა საინტერესო არქეოლოგიური არტეფაქტებიც -ქვასანაყი;
ობსიდიანის და ბაზალტის ფრაგმენტები (იხ.დანართი 2). აღნიშნული
გარემოება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ვარაუდებს ამ ტერიტორიის
ისტორიულ-არქეოლოგიურ მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
საყოველთაოდ ცნობილ დმანისის არქეოლოგიური სანახსა და ჩვენს მიერ
აღწერილ ლოკაციას შორის პირდაპირი (ჰაერით) მანძილი 2 კილომეტრს არ
აღემატება. გარდა ჰომინიდების ნაშთებისა, აქ მომდევნო ისტორიული
ეპოქების (ბრინჯაოს, ადრერკინის, ანტიკური და შუასაუკუნეების) არაერთი
კვალია დადასტურებული (ჯაფარიძე ვ., 1978). ფირფიტის აღმოჩენის ადგილთან,
ბაშფლემის ტბასთან მიმავალი გზა თბილისი-სადახლოს მთავარ გზას
მიუყვება, შემდეგ მარჯვნივ გადაუხვევს, სამხრეთ-დასავლეთისკენ:
მარნეული - ბოლნისი - კაზრეთი - პატარა დმანისი - საფარლო - ამამლო. ამ
უკანასკნელ სოფელს გაცილებული რამდენიმე კილომეტრში მარჯვნივ,
ჩრდილოეთით, ზეგანისკენ მიმავალი გზა ჩნდება, რომელიც დასაწყისში,
რამდენიმე ასეულ მეტრზე ბრტყელი ბაზალტის ქვითაა მოპირკეთებული,
რომელიც, შემდგომ, სრული დაზიანების გამო ქრება და შემდეგ კვლავ ჩნდება.
ის რამდენიმე ათეულ მეტრზე შედარებით კარგად არის შემონახული. როგორც
ჩანს, ეს ის გზაა, რომელიც ქართულ საისტორიო წყაროებშია აღწერილი და
რომელიც თრიალეთის კლდეკარიდან წამოსული შიდა ქართლს, თავისი
დასავლეთი, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი მიმართულებებით, სომხეთთან და,
საერთოდ, სამხრეთის ქვეყნებთან აკავშირებდა. გზის მოპირკეთება
შუასაუკუნეებში უნდა იყოს შესრულებული.
ჩვენთვის საინტერესო ტერიტორია, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ასე
მოჩანს: საქართველოს კულტურულ-რელიგიურ და ადმინისტრაციულ ცენტრთან,
შიდა ქართლთან დამაკავშირებელ კლდეკარის საერისთავოს, თრიალეთად
წოდებულ ქვეყანას, ზურტაკეტი მოსდევდა, რომელიც მაშავერას მარცხენა
სანაპიროს ტერიტორიებს მოიცავდა. მას უკვე მაშავერას მარცხენა
შენაკადებით შემოსაზღვრული რეგიონი მოსდევს, რომლის კერძო სახელი
ჯერჯერობით დაუდგენელია და ზურტაკეტსა და ლორე-ტაშირს შორისაა
მოქცეული.
ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, ბაშფლების ტბის შუაგულში მდგარა
ქვის საკმაოდ მაღალი ორი სვეტი, რომელზედაც ანალოგიური ნიშნები ყოფილა
ამოტვიფრული, როგორც ტბის პირას აღმოჩენილ ბაზალტის ქვაზე. ამ ეტაპზე
ქვის სტელები აღარ ჩანს, დიდი ალბათობით ის წაქცეულია და ტბის ფსკერზეა
მოქცეული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აუცილებელია პროფესიონალი
მყვინთავების მიერ, ტბის ფსკერის გულდასმით დათვალიერება.
აღნიშნული ტერიტორიის სიღრმისეული არქეოლოგიური კვლევა, რადგან ამით
გაჩნდება შესაძლებლობა ბევრად მეტი და საინტერესო აღმოჩენა გაკეთდეს,
რაც კიდევ უფრო გაამყარებს და დაასაბუთებს ამ პირველი აღმოჩენის
მნიშვნელობას. ერთიანობაში კი, ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას
მნიშვნელოვანი ცოდნა მივიღოთ დმანისის ამ მონაკვეთის ისტორიული,
არქეოლოგიური და ლინგვისტური თავისებურებების შესახებ.
პროექტის მიზანი
პროექტის ძირითად მიზანია ბაშფლემის ტბის ფსკერის და მიმდებარე
ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ობიექტების შესწავლა.
პროექტით განსაზღვრული სამუშაოები
1. ისტორიული წყაროების ანალიზი: ქრონოლოგიურად გაიწერება რეგიონის
ისტორია. განსაკუთრებით, თავმოყრილი იქნება, წინასწარი შეფასებიდან
გამომდინარე ნავარაუდევი, გვიან ბრინჯაო და ადრე რკინის ეპოქებთან
დაკავშირებული წყაროები;
2. ისტორიულ-გეოგრაფიული ანალიზი: შეჯერდება ისტორიულ გეოგრაფიისადმი
მიძღვნილ ლიტერატურაში არსებული მონაცემები აღნიშნული რეგიონთან
მიმართებაში, დადგინდება და აღდგება ისტორიული ტოპონომიკა;
3. ტოპოგრაფიული რუკების მოძიება, ექსპერტიზა და მასალის მომზადება
მაღალი სანდოობის რუკების შესადგენად;
4. მიდამოს აეროფოტოგადაღება გეორადარის გამოყენებით: მიდამოს 3D
მოდელირება;
5. ტბის და წყაროების ჰიდროლოგიური კვლევა და წყლის ქიმიური ანალიზი:
არსებული მონაცემების მოძიება;
6. ტბის ფსკერის გეოფიზიკური კვლევა და მოდელირება სკანერის
მეშვეობით;
7. ბიოლოგიური მასალის აღმოჩენის შემთხვევაში:
ა) ბიოანთროპოლოგიური კვლევა;
ბ) გენეტიკური კვლევა; გ) სტაბილური იზოტოპების ანალიზი;
8. მიღებული შედეგების ეტაპობრივი დისემინაცია:
ა) სტატიების გამოქვეყნება მღალრეიტინგულ ჟურნალებში
ბ) სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება
გ) მას-მედიით ფრათოდ გაშუქება
დ) სტატიის/წიგნის ელექტრონული ვერსიის მომზადება
ე) ლექციის ჩატარება/მოხსენების წარდგენა;
9. ბაშფლების ტბის ფსკერის გამოკვლევა პროფესიონალი მყვინთავების
(წყალქვეშა არქეოლოგია) მიერ;
ბაშფლემის ტბის ფსკერზე და მიმდებარე ტერიტორიაზე 2025 წელს
ჩასატარებელი არქეოლოგიური და სხვადასხვა სახის სამუშაოები
1. ტრანზექტების მიხედვით ტბის ფსკერის სკანირება; მიღებული შედეგების
დამუშავება, ჩასაყვინთი არეალების მონიშვნა, თემატური რუკების
შედგენა. ფსკერზე აღმოჩენილი არტეფაქტების (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) ამოტანა, მათი დამუშავება, ფოტოფიქსაცია.
2. ჰუმუსის მოხსნა 3 არეალში ფართობით 2X5X0,30;
3. ჰუმუსის მოხსნა 2 არეალში ფართობით 10X10X0,30;
4. სამი არეალის არქეოლოგიური შესწავლა (თითოს ფართობი 2X5 კვ. მ);
5. სამ არეალში გამოვლენილი კულტურული ფენის პრეპარაცია (თითოს ფართობი
2X5);
6. ორი (2) არეალის არქეოლოგიური შესწავლა (ფართობი 10X10);
7. ორ არეალში აღმოჩენილი კულტურული ფენის პრეპარაცია (ფართობი 10X10);
8. მიწის გატანა ხელით და ურიკით 5 მ. მანძილზე;
9. განათხარი ფართობის (თხრილები) ნაწილობრივი რეკულტივაცია (50 კვ მ.)
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების
შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია,
სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების
სრული დაცვით;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი
მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე,
მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ
ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას
ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს
მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას
სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი
გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით,
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი
ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას. სამუშაოების შესრულების გრაფიკი
განსაზღვრავს სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის
ეტაპობრივად წარდგენის გეგმას. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების
ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების
გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე -
Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ,
ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ.,
(სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების
ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება -
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი),
მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და
მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი
სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე; შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
ა) შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და
მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და
ვიზუალური აღწერის მასალები;
ბ) შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და
საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე
მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების
ანალიზი;
გ) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი;
დ) შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა
(მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GPS კოორდინატებით;
ე) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100)
ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
ვ) შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
ზ) სავლევი ტერიტორიების დრონით გადაღება, მასალის დამუშევება;
თ) საველე და ლაბორატორიული ფოტოგადაღება და დამუშავება;
ი) გათხრების დროს მოპოვებული არტეფაქტების პირველადი დამუშავება;
კ) ტექსტური აღწერილობა.
სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადა
განისაზღვროს არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემიდან 3 (სამი)
კალენდარული თვე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.