ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი
სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების
განხორციელება.
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა
სამხრეთ კავკასია, გეოგრაფიულად, მახლობელი აღმოსავლეთის განუყოფელი
ნაწილია და მათი წარსულიც, თანაბარწილად, ერთობლიობაში უნდა
განიხილებოდეს.
ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე
ალაზანსა და იორს შორის მდებარე ზეგნის აღმოსავლეთ ნაწილში
არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა, რომელიც ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნის
ბოლო ხანებით თარიღდება. ივრის ზეგნის ეს მონაკვეთი გეოგრაფიულად
მთებით მკაცრად შემოსაზღვრული ნაყოფიერი ველებია, რომელთა საშუალო
ნიშნული ზღვის დონიდან 600 მ აღწევს, ირგვლივ მდებარე მთების საშუალო
სიმაღლე კი 800 მ ფარგლებშია. მისი მთელი ფართობი დაახლოებით 15 ჰექტარია.
ზეგნის აქ მდებარე სამივე ველზე ამჟამად მკვეთრად ისახება მდინარეთა
მშრალი კალაპოტები.
მრავალი მონაცემის მიხედვით, ძვ. წ. X-XI საუკუნეებში ივრის ზეგანის ეს
მონაკვეთი, როგორც ჩანს, ერთიან სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ
ერთეულს წარმოადგენდა.
გეოგრაფიულად ამ კარგად გამოკვეთილ ტერიტორიას ერთი მთავარი
შემოსასვლელი აქვს დასავლეთის მხრიდან, რომელიც ხეობაზე გადის და
„გრძელი კარის“ ტოპონიმით არის ცნობილი. მას ძვ. წ. X-IX სს მძლავრი ციხე
იცავს დიდი ქვის ბლოკებზე ამოყვანილი, ხუთი მეტრის სიგანის გალავნით და
ოთხკუთხა მასიური კოშკებით გამაგრებული ჭიშკრით.
ივრის ზეგნის ამ მკვეთრად შემოსაზღვრულ მონაკვეთში, ველების ირგვლივ
მდებარე მთაგორებზე, წინა წლებში აღმოჩნდა 40-ზე მეტი, კარგად
დაგეგმარებული მცირე, ორწილადი დასახლება - ციტადელით მთის თხემზე და
ქვედა საცხოვრებელი უბნებით მთის ფერდობებზე, რომლებიც ცალ-ცალკე
მძლავრი გალავნებით და თავდაცვითი თხრილებით არის შემოსაზღვრული.
ყველა ეს დასახლება ერთი კულტურის ფარგლებში ექცევა და დაახლოებით ძვ.
წ. II ათასწლეულის დასასრულით და ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით
თარიღდება. ცნობილია მათი სამაროვნებიც.
ამ დასახლებების ცენტრალურ ნაწილში, ველზე, 2014 წელს, სატელიტური
გადაღებების დეშიფრაციით და მცირე არქეოლოგიური გათხრების შედეგად
გამოვლინდა გრანდიოზული, როგორც ჩანს ცენტრალური ქალაქის ნაშთები,
რომელიც დაახლოებით 15 ჰა ფართობს მოიცავს. აქედან ციტადელი 400X400 მეტრია,
რომელსაც გარს უვლის რთული, წინააზიური ნაგებობების მსგავსი
კონსტრუქციის, 7 მ სიგანის და სპეციალისტების გამოანგარიშებით, სულ
მცირე 15 მ სიმაღლის, 1,5 კმ სიგრძის გალავანი. გათხრების შედეგად სამხრეთი
გალავნის ცენტრალურ ნაწილში გამოვლინდა კარიბჭე. დაზვერვითმა
სამუშაოებმა კი მიანიშნა ქალაქის წყლით მომარაგების საიდუმლო
გვირაბისა და დიდი სამაროვნის არსებობაზე. ციტადელის ტერიტორიაზე
ასევე მძლავრი გალავნით ორი დიდი ოთხკუთხი მონაკვეთია გამოყოფილი,
რომლებიც, როგორც ჩანს, განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებდა. ციტადელს
გარს უვლის 15 მ სიგანის თავდაცვითი თხრილი, მისი ჩრდილო ნაწილი კი, მეორე
განიერი გალავნით არის გარშემოვლებული.
რამდენიმე წლის წინ, ამ ნაქალაქარის აღმოსავლეთით, მისი მომდევნო დროის
მცირე დასახლებაზე, მოკირწყლული ქუჩის ქვეშ აღმოჩენილმა
საკანალიზაციო ქსელმა მიანიშნა, რომ ამ პერიოდშიც აქ არსებული
ჰიდროქსელი ჯერ კიდევ საკმაოდ წყალუხვი იყო.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ დასახლებათა სისტემის ერთ-ერთ
სამლოცველოზე ცხენებშებმული საბრძოლო ეტლის ბრინჯაოს მოდელი
აღმოჩნდა, სამაროვნებზე კი გათხრილ სამარხებში ყველა მამაკაცი მძლავრი
ბრინჯაოს საბრძოლო იარაღით - მახვილით, სატევრით, შუბით და ცულით იყო
აღჭურვილი, რაც აქ მოსახლე საზოგადოების დიდ საბრძოლო პოტენციალზე
მიანიშნებს. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ივრის ზეგანზე,
სამოსახლოებისგან მოშორებით არსებულ, ძვ. წ. X-IX სს რელიგიური ცხოვრების
ორ დიდ ცენტრში კოლოსალური რაოდენობით აღმოჩნდა ბრინჯაოს და რკინის
საბრძოლო და სამეურნეო იარაღი, რაც ამ მხარეს და მის კულტურას მთელ
მახლობელ აღმოსავლეთში, პალეომეტალურგიის თვალსაზრისით გამორჩეულ
ადგილს ანიჭებს.
ყოველივე ეს თითქოს ადასტურებს აქ მოსახლე საზოგადოების გაერთიანებას
ერთ სოციალ-ეკონომიკურ და დასაშვებია პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც
მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ყველა ნიშანს ატარებს.
ამ ვარაუდს მხარს უჭერს ივრის ზეგნის დასავლეთ ნაწილში, დავით გარეჯის
მთიანეთში კონცენტრირებული ძვ. წ. X-IX სს დიდი დასახლებები რეგულარული
გეგმარებით და მძლავრი თავდაცვითი ნაგებობებით, რომლებიც შესაძლოა
აქაც მცირე სახელმწიფოებრივი სისტემის არსებობაზე უნდა
მიგვანიშნებდეს.
როგორც ცნობილია, მთელ მახლობელ აღმოსავლეთში ძვ. წ. XII-XI საუკუნეების ე. წ.
„ბნელი პერიოდის“ შემდგომ, ძვ. წ. X-IX საუკუნეებში მასობრივად ჩნდება
მცირე სახელმწიფოები. ივრის ზეგანზე ამ აღმოჩენების შემდგომ
დასაშვებია ამ პერიოდიში სამხრეთ კავკასიაც ძველი აღმოსავლეთის
ორგანულ ნაწილად მივიჩნიოთ, რადგან აქაც, როგორც ჩანს, მსგავსი
სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტთა დაკვირვებით, ივრის ზეგანზე 2014 წელს
აღმოჩენილი დიდი ქალაქი ძვ. წ. IX საუკუნეში მძლავრი მიწისძვრის შედეგად
არის განადგურებული, რაც აქ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას
განსაკუთრებით პერსპექტიულს ხდის.
აღმოსავლეთ საქართველოში ამ აღმოჩენების პროგრამული კვლევა სამხრეთ
კავკასიის და შესაძლოა მთელი მახლობელი აღმოსავლეთის მასშტაბითაც,
წარსულის ფუნდამენტური პრობლემის ახლებური გააზრების საფუძვლად
იქცეს.
2023 წელს საველე სამუშაოები წარმოებდა აგვისტოსა და სექტემბერში
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
დაფინანსებით. შირაქის ველზე აღმოჩენილი ნაქალაქარი „დიდნაური“
კავკასიაში უძველესი და უდიდესი ქალაქური ტიპის დასახლებაა მთელი
თავისი ინფრასტრუქტურით, რამაც აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე
ქრ.წ. II ათასწლეულის დასასრულს სახელმწიფოს არსებობაზე მიგვითითა.
თუმცა ჯერ კიდევ დასადგენია ამ ქალაქის არსებობის ქრონოლოგიური
ჩარჩოები და დოკუმენტურად ჯერ კიდევ საბოლოოდ გაურკვეველია მისი
მოსპობის მიზეზები, რაზედაც ჯერჯერობით მხოლოდ რიგი მითითებები
გვაქვს, რასაც მყარად დასაბუთება სჭირდება. ირგვლივ მთაგორებით
შემოზღუდული შირაქის უმდიდრესნიადაგებიანი სამიწათმოქმედო ველის
ტერიტორიაზე დასავლეთიდან, გრძელი კარის სახელწოდებით შემომავალ
მთავარ გზას ბრინჯაოს ხანაში იცავდა დიდი, მძლავრი ნაგებობებით
გამაგრებული დასახლება, რომელიც დღეს „ტახტიფერდას“ სახელწოდებით
არის ცნობილი. აქ მომუშავე საქართველოს და გერმანიის არქეოლოგიური
ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ შუაბრინჯაოს ხანის და ქრ.წ. II
ათასწლეულის დასასრულის მძლავრი კულტურული ფენები დაადასტურა.
2025 წელს „დიდნაურის“ სამაროვნის ტერიტორიაზე ჩასატარებელი
სამუშაოები:
1. ნაქალაქარის აღმოსავლეთით მდებარე თავდაცვით კედელთან 3 არეალში
ჰუმუსის მოხსნა (ფართობი 5X5X0.20);
2. ნაქალაქარის აღმოსავლეთით მდებარე თავდაცვით კედელთან 3 არეალის
არქეოლოგიური შესწავლა (ფართობი 5X5);
3. ნაქალაქარის აღმოსავლეთით მდებარე თავდაცვით კედელთან სამი არეალის
პრეპარაცია (ფართობი 5X5);
4. ნაქალაქარის ჩრდილოეთით არსებული სამაროვნის არქეოლოგიური შესწავლა
(ფართობი 15X15);
5. სამაროვნის არეალში აღმოჩენილი სამარხების პრეპარაცია (ფართობი 3X1,5);
6. მიწის გატანა ხელით და ურიკით 5 მ. მანძილზე;
7. განათხარი ფართობის (თხრილები) ნაწილობრივი რეკულტივაცია ხელითა და
ურიკით 40 კვ მ.)
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების
შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია,
სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების
სრული დაცვით;
მიმწოდებელი ვალდებულია არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებში
უზრუნველყოს სტუდნეტების ჩართულობა;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი
მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე,
მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ
ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას
ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს
მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას
სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი
გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით,
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი
ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს სამუშაოთა
მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის
გეგმას.
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ
ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე;
შრიფტის სახე - Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11;
სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5 სმ, მარჯვნიდან - 1 სმ,
ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ.,
(სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების
ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება -
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი),
მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და
მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი
სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე;
შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
• შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და
მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და
ვიზუალური აღწერის მასალები;
• შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ_ბიბლიოგრაფიული და
საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე
მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების
ანალიზი;
• შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა
(მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GGPS კოორდინატებით;
• არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100)
ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
• შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
• ტექსტური აღწერილობა;
• ხარჯთაღრიცხვა (მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ბეჭდით და
ხელმოწერით).
სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა
არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მიღებიდან 2 კალენდარული თვე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.