პრეამბულა
უშგულის თემის ოთხივე სოფელი - მურყმელი, ჩაჟაში, ჩვიბიანი და ჟიბიანი
წარმოადგენს სვანეთის არქიტექტურულ-სივრცობრივი კულტურის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს კერას, სადაც ადრინდელი შუა საუკუნეებიდან
ჩამოყალიბებული განაშენიანება დღემდე შემორჩენილია. ამ სოფლების
განაშენიანების სტრუქტურა უჩვეულო სიმჭიდროვით, მკაცრი რელიეფის
ადაპტაციითა და კომპლექსური არქიტექტურული კომპოზიციით გამოირჩევა.
ამ სივრცეში მჭიდროდ განლაგებული საცხოვრებელი მაჩუბები და მათთან
ორგანულად დაკავშირებული კოშკები ქმნიან ურბანული ქსელის იმგვარ
სინთეზს, რომელიც როგორც პრაქტიკულ, ისე სიმბოლურ ფუნქციებს
ერთდროულად ატარებს.
მაჩუბი - ტრადიციული სვანური საცხოვრებელი და არქიტექტურული
აზროვნების ნიმუშია. მისი სტრუქტურა ეფუძნება თვითკმარ ოჯახურ
მეურნეობას: ქვედა დონე პირუტყვისთვის იყო განკუთვნილი, ზემოთა ნაწილი
კი ოჯახური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა. ეს დახშული, ციკლური
სტრუქტურა ერთდროულად ასახავდა ბუნებრივ პირობებთან ბრძოლას და
სოციალურ ერთიანობას. მაჩუბის შიდა სივრცე ერთდროულად საცხოვრებელ,
სამუშაო და საკულტო ფუნქციებს ასრულებდა, რაც მას ყოფითისა და სულიერი
ცხოვრების საკვანძო არქიტექტურულ ფორმად აქცევდა.
კოშკები - სვანური თავდაცვითი ნაგებობები - ამ ქსელის ვერტიკალურ
ელემენტებს წარმოადგენს. ისინი, როგორც წესი არამხოლოდ თავდაცვისთვის
გამოიყენებოდა, არამედ დღემდე სვანეთის იდენტობაც არის. თუმცა უშგულის
ურბანულ ქსელში მაჩუბების სიმრავლე, მჭიდრო განლაგება და
არქიტექტურული თანხვედრა ქმნის იმ განუმეორებელ სივრცით-კულტურულ
მატრიცას, რომელიც მჭიდროდაა გადაჯაჭვული სვანური კოლექტიური
მეხსიერებისა და ყოფის საფუძველთან.
ამგვარად, უშგულის განაშენიანება არ არის მხოლოდ ფიზიკური გარემო - ის
არქიტექტურული მეტყველებაა, სადაც სივრცე, ისტორია და სულიერი კულტურა
ერთ მთლიანობაში ერთიანდება.
ზემოაღნიშნულ სოფლებში - ჟიბიანში, ჩაჟაშში, მურყმელსა და ჩვიბიანში -
განაშენიანებაში არსებული ისტორიული შენობა-ნაგებობების,
განსაკუთრებით კი მაჩუბების ავარიული მდგომარეობის გაუმჯობესება
ბოლო წლებში საგანგებო ყურადღების საგნად იქცა. კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, განხორციელდა ცალკეული ძეგლების
რეაბილიტაციის პროექტები, რომელთა მიზანი იყო არა მხოლოდ მათი
სტრუქტურული გამაგრება, არამედ ავთენტური იერსახისა და ტრადიციული
სამშენებლო ხერხების შენარჩუნება.
ზემოაღნიშნული სოფლების განაშენიანებაში არსებული
შენობა-ნაგებობების, კერძოდ მაჩუბების ავარიული მდგომარეობის
გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე წლის წინ მიმდინარეობდა ცალკეული
ძეგლების რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით შეირჩა ოთხი ობიექტი:
სოფელი მურყმელი - ბორის (ბაჯუ) კაკრიაშვილის დარბაზ-მაჩუბი; სოფელი
ჩვიბიანი - იურა ჩარკვიანის დარბაზ-მაჩუბი და სოფელი ჟიბიანი - დომენტი
ნიჟარაძის კომპლექსი, დარბაზ-მაჩუბი.
ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები:
თითოეულ ნაგებობაზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით
გათვალისწინებული ჩასატარებელი ძირითადი ფიზიკური სამუშაოები
მსგავსი ტიპისაა, კერძოდ:
• ნაგებობის დაზიანებული ნაწილების მოხსნა, რომელიც ძირითადად შეეხება
სახურავსა და სართულშუა გადახურვებს;
• მორყეული/ჩამოშლილი ქვის კედლების გადაწყობა/გამაგრება/აღდგენა;
• ქვისშორისების ამოლესვა კირდუღაბის ხსნარით;
• კედლების ბზარების ინექტირება სპეც. ხსნარით;
• ფარული სარტყლის მოწყობა;
• სართულშუა და სახურავის გადახურვის აღდგენა;
• მიწის მოჭრის სამუშაოები;
• თიხატკეპნილისა და ქვის იატაკის მოწყობა;
• სარინელის მოწყობა.
მიზანი და ძირითადი პირობები
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს
ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა
უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი
ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ
მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი,
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული და მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის
მასალები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.
ხარისხიან პროდუქტში მოიაზრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მასალა, რომელიც
წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და
განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა ან მასში ცვლილება შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო
ზედამხედველობით. საავტორო ზედამხედველობის ფარგლებშივე პროექტის
ავტორი ვალდებულია ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10
რიცხვამდე) სააგენტოში წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე
შესაბამისი ანგარიში. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებული უნდა
იყოს მიმწოდებელსა და პროექტის ავტორს შორის გაფორმებულ
ხელშეკრულებაში.
სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
არქიტექტორ-რესტავრატორისა და ინჟინერ-მშენებლის ზედამხედველობით.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი (არქიტექტორ-რესტავრატორი
და ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან
სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს
მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე
სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.
მიწის სამუშაოები შესრულდეს არქეოლოგის ზედამხედველობით.
მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის
აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და
ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას
გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა
დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე, გარემო
პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების
გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე
შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი
ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება
ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
რეაბილიტაციის წარმოების ძირითადი მოთხოვნები
ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე,
მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა წარიმართოს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით.
ობიექტზე განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში
თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი სახის უხეში ჩარევა და
რომელიმე კულტურული ღირებული ნაწილის უნებლიე ან/და მიზანმიმართული
დაზიანება და განადგურება. ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური;
- შეძლებისდაგვარად ადვილად უკუქცევადი;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული;
- გამოყენებულ უნდა იქნას ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან
თავსებადი მასალები და ნივთიერებები.
განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოს პროცესში არ უნდა დაზიანდეს
შემორჩენილი, თავდაპირველი დეტალები. ფიზიკური სამუშაოების დროს
წინასწარ უნდა იქნას გათვლილი, თუ რა ზეგავლენა შესაძლოა იქონიოს ამა თუ
იმ ჩარევამ ძეგლის მდგომარეობაზე.
რეკომენდირებულია ძეგლის ავთენტურობისა და მისი მთლიანობის დაცვის
მიზნით, მაქსიმალურად შენარჩუნდეს და რესტავრაცია ჩაუტარდეს ყველა
კომპონენტს, შეიცვალოს და ახლით ჩანაცვლდეს მხოლოდ ის არეები, რომლებიც
ძლიერ დაზიანებულია და არ ექვემდებარება რესტავრაციას.
კრიტიკულად არასტაბილური მონაკვეთების გამოვლენის შემთხვევაში,
აუცილებელია, გადაუდებელი პრევენციული ზომების მიღება (დროებითი,
შექცევადი გამაგრებების გაკეთება), რათა ნაგებობის და მისი
შემადგენელი კომპონენტების სამუშაო პროცესში არ მოხდეს კრიტიკულად
არასტაბილური ნაწილების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება და
საბოლოოდ განადგურება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობის
პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ
გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან
ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო
დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს
მოთხოვნები შესასრულებელი სამუშაოების მიმართ.
ტექნიკური დავალების დანართების სახით მოცემულია:
დანართი 1 - ბორის (ბაჯუ) კაკრიაშვილის დარბაზ-მაჩუბი - არქიტექტურული და
კონსტრუქციული ნაწილი;
დანართი 2 - ბორის (ბაჯუ) კაკრიაშვილის დარბაზ-მაჩუბი - ძეგლზე
განხორცილებული კვლევები;
დანართი 3 - ბორის (ბაჯუ) კაკრიაშვილის დარბაზ-მაჩუბი - მშენებლობის
ორგანიზაციის პროექტი;
დანართი 4 - იურა ჩარკვიანის დარბაზ-მაჩუბი - არქიტექტურული და
კონსტრუქციული ნაწილი;
დანართი 5 - იურა ჩარკვიანის დარბაზ-მაჩუბი - ძეგლზე განხორცილებული
კვლევები;
დანართი 6 - იურა ჩარკვიანის დარბაზ-მაჩუბი - მშენებლობის ორგანიზაციის
პროექტი;
დანართი 7 - დომენტი ნიჟარაძის კომპლექსი, დარბაზ-მაჩუბი - არქიტექტურული
და კონსტრუქციული ნაწილი;
დანართი 8 - დომენტი ნიჟარაძის კომპლექსი, დარბაზ-მაჩუბი - ძეგლზე
განხორცილებული კვლევები;
დანართი 9 - დომენტი ნიჟარაძის კომპლექსი, დარბაზ-მაჩუბი - მშენებლობის
ორგანიზაციის პროექტი;
ნორმატიული დოკუმენტები
მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის
საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური
შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა
ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები
და გაფრთხილებები.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.