❖ პრეამბულა
ქალაქ გორის ისტორიული ციხე-სიმაგრე წარმოადგენს მაღალი პოტენციის
მქონე ისტორიულ-კულტურულ და არქეოლოგიურ ობიექტს, რომელსაც გააჩნია
ყველა წინაპირობა, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების ეტაპობრივი
განხორციელების შემდეგ აქტიურად ჩაერთოს სახელმწიფო და საერთაშორისო
ტურიზმის ქსელში, გახდეს რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის
საბაზისო ცენტრი. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის №665
ბრძანებულებით, გორის ციხეს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის
კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი. საქართველოს კანონით კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის შესახებ განსაზღვრულია ძეგლის ფიზიკური და
ვიზუალური დაცვის ზონები.
ციხის კომპლექსისა და მიმდებარე ისტორიულ ზონაში არსებული
არქეოლოგიური, ქალაქმშენებლობითი და არქიტექტურული ობიექტების
ბაზაზე გათვალისწინებულია შეიქმნას კომპლექსური
სამუზეუმო-სანახაობითი, შემეცნებითი, სავაჭრო და აქტიური დასვენების
სივრცე. ციხის გალავნის შიგნით არსებულ ობიექტებთან ერთად
(კოშკი-კარიბჭე, ზედა ბაქანი, ხარო, მარანი, წმ.გიორგის სახელობის
დარბაზული ეკლესიის ნაშთები, „ცხრაკარას“ კასკადი, შიდა ეკლესია, მდ.
ლიახვზე გამავალი გვირაბი), სამუზეუმო კომპლექსში შევა ციხის სამხრეთ
და ჩრდილოეთ ფერდობებზე გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები: როსტომ
მეფის სასახლე და ეკლესია, ღვთისშობლის მცირე საყდარი, ანტიკური
პერიოდის გალავნის კედლის ფრაგმენტები; ისტორიულ ზონაში არსებული
ხუროთმოძღვრულად საინტერესო რემოდენიმე საცხოვრებელი სახლი და
ნასახლარები; ზედა ბაქანზე არსებული წყლის ყოფილი რეზერვუარის
მიწისქვეშა (ამჟამად რეაბილიტირებული) ნაგებობა დაეთმობა
არქეოლოგიური და საბრძოლო ხელოვნების ისტორიის სამუზეუმო
ექსპოზიციას.
გორის ციხე, ისევე როგორც საქართველოს ციხე-სიმაგრეთა უმეტესობა,
თავისი ისტორიის მანძილზე მრავალჯერ დანგრეულა და კვლავ აღდგენილა. 1920
წლის ცნობილმა მიწისძვრამ ქალაქი გორი თითქმის მთლიანად დაანგრია და
ციხესაც დიდი ზიანი მიაყენა. 1930 წელს შეკეთდა ციხის ავარიულად
დაზიანებული უბნები. 1951 წლიდან დაიწყო გორის ციხის გეგმაზომიერი
შესწავლა ამ პერიოდში აღდგა „ცხრაკარას“ ქვედა ხუთი ზღუდე, ციხის
კედლების ნაწილი ამაღლდა. 1956 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები
დაკონსერვდა. 1984 წელს განახლდა ციხის კვლევითი და აზომვითი სამუშაოები -
დამუშავდა ციხის ზოგიერთი უბნის კონსერვაციის და რესტავრაციის
პროექტები, რომელთა საფუძველზეც ჩატარდა „ცხრაკარას“ ზედა ორი
განყოფილების რეაბილიტაცია, მოეწყო ციხის ზედა უბანზე ასასვლელი
ცენტრალური კიბე, აღდგა კარიბჭე, დანარჩენი უბნები გამაგრდა, გალავნის
ნაწილზე კედლები ქონგურებიანად აღდგა.
2006 წელს შესრულდა შემდეგი სარეაბილიტაციო სამუშაოები: მოეწყო
ასასვლელი ბილიკი რიყის ქვით; განხორციელდა გალავნის დაზიანებული
ფრაგმენტების აღდგენა სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ-დასავლეთ და
ჩრდილოეთის კედლებზე; გალავნის ღიობებში დამონტაჟდა ლითონის
მოაჯირები; კარიბჭეში, ეკლესიის კედლის ფრაგმენტის ღიობში, წყლის
ყოფილი რეზერვუარისა და სეისმოსადგურის სათავსოს შესასვლელში
დამონტაჟდა კარები; მოეწყო ციხის გარე განათების ქსელი.
2018 წლიდან განახლდა გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების
ეტაპობრივი განხორციელება:
- ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები ადრე გამოვლენილ ხუთ არქეოლოგიურ
უბანზე;
- შესრულდა წყლის ყოფილი რეზერვუარის მიწისქვეშა ნაგებობის სარემონტო
მოსაპირკეთებელი და საექსპოზიციო-სამუზეუმო სივრცედ
ადაპტირებისათვის გათვალისწინებული სამუშაოები (გაწმენდა,
გადახურვის ჰიდროიზოლაცია, ინტერიერის ახლად შელესვა, იატაკის
მოწყობა, შესასვლელის მოპირკეთება რიყის ქვით და აგურის ჩანართებით,
კარების განახლება);
- დამონტაჟდა ციხის სამხრეთ-დასავლეთი ფერდობის გამოფიტული კლდოვანი
ზედაპირიდან ქვის ცვენის დამცავი ლითონის ბადე;
- განხორციელდა კარიბჭის კოშკის რეაბილიტაცია და მეორე სართულზე
მოეწყო დაცვის სამსახურის სათავსო;
- ტერიტორია გაიწმინდა ნაგვის და ჩამოცვენილი ნანგრევებისაგან.
გადაეწყო მორყეული და გამოქარული კედლის ფრაგმენტები. გამაგრდა
გალავნის კედლებისა და ბურჯების საძირკვლები. ციხის ტერიტორია
უსაფრთხო გადაადგილებისათვის აღიჭურვა დამცავი საშუალებებით;
- დაიშალა წმ. გიორგის ეკლესიის შემორჩენილი კედლის დასავლეთ კიდესა და
გალავნის კედელს შორის არსებული რიყის ქვით ნაშენი გვიანდელი
ჩანართი;
- ამოშენდა ზედა და ქვედა გალავნის ნაკლული კედლები. შესრულდა გალავნის
ზედაპირის კონსერვაცია;
- მომზადდა აღსადგენი სამხრეთ-აღმოსავლეთი გოდოლის ფუძე საძირკვლები
და საყრდენი კედლები.
2022-2023 წლებში ძეგლზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
- სარკმლის თაღის დონეზე (საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით ნიშნული: -1,67
მ.) ამოყვანილია ციხის ზედა გალავნისა და გოდოლის მონოლითური
რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, რომლებიც ექსტერიერსა და ინტერიერში
მოპირკეთდა უხეშად დამუშავებული კირქვით, რიყის ქვითა და აგურის
სარტყლებით კირის დუღაბზე;
- სხვადასხვა ნიშნულზე მოეწყო მონოლითური რკინა-ბეტონის ფილები;
- საყრდენი კედლების უკანა მხარე შეივსო ყორე ქვითა და კირდუღაბით.
❖ ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები
ტენდერი ითვალისწინებს 2022-2023 წლებში, გორის ციხის ზედა გალავნის
სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე წარმოებული ფიზიკური სამუშაოების (V ეტაპი)
გაგრძელებას:
• ციხის ზედა გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ უბანზე აღსადგენი კედლის
მონაკვეთისა და გოდოლის კედლის მოწყობა;
• გალავნის კედლისა და გოდოლის მოპირკეთება უხეშად დამუშავებული
კირქვის, რიყის ქვითა და აგურის ჰორიზონტალური ჩანართებით, საპირე
წყობის ნაკერების შევსება პიგმენტირებული კირდუღაბით, უკანა მხრის
შევსება ყორე კირდუღაბით;
• გოდოლის კარიბჭის ღიობის წირთხლებისა და თაღის საპირე წყობისა და
გოდოლის დასავლეთით, თაღოვან კარიბჭეში გამავალი კიბის მოწყობა;
• წმ. გიორგის დარბაზული ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის ქვედა ნიშნულზე
კოჭებისა და გადახურვის ფილის მოწყობა.
მიზანი და ძირითადი პირობები
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა აღდგეს ძეგლის ისტორიული
იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველჰყოს ძეგლის
არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი.
ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას,
კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან
პროდუქტში მოიაზრება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მასალა, რომელიც წარმოებულია
პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული
ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო
ზედამხედველობით. საავტორო ზედამხედველობის ფარგლებში, პროექტის
ავტორი ვალდებულია ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10
რიცხვამდე) სააგენტოში წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე
შესაბამისი ანგარიში. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებული უნდა
იყოს მიმწოდებელსა და პროექტის ავტორს შორის გაფორმებულ
ხელშეკრულებაში.
სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
არქიტექტორ-რესტავრატორისა და ინჟინერ-მშენებლის ზედამხედველობით.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი (არქიტექტორ-რესტავრატორი
და ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან
სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს
მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე
სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.
მიწის სამუშაოები შესრულდეს არქეოლოგის ზედამხედველობით.
მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის
აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და
ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას
გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა
დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე
გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების
გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე
შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი
ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება
ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.