პრეამბულა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დაბა ლენტეხის შესასვლელში, მდინარეების:
ხელედურას, ლასკადურისა და ცხენისწყლის შესართავთან, კლდოვან ბორცვზე
სამხრეთ-აღმოსავლეთ-ჩრდილო-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებული ლარაშის
ციხე დგას.
კლდოვანი ბორცვი, რომელზეც ციხეა განთავსებული, ძალზე ციცაბო და
დამრეცი რელიეფით ხასიათდება. დასავლეთ მხარეს ბორცვის ვერტიკალური
ფერდობები მდინარის კალაპოტში ეშვება, ჩრდილოეთით ეთნოგრაფიული
მუზეუმის ეზოს, ხოლო აღმოსავლეთ მხარეს საკარმიდამო ტერიტორიას
ესაზღვრება. ბორცვის სამხრეთი ნაწილი ძალზე მიუდგომელია. უშუალოდ
ბორცვი, იქ სადაც ნაგებობებია განლაგებული, შედარებით მოსწორებულია.
ლარაშის ციხე შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო-სასიმაგრო კომპლექსია.
1980-იან წლებში ციხის მთელ პერიმეტრზე ჩატარებული არქეოლოგიური
სამუშაოების შედეგად, XI-XII და XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული კულტურული
ფენები გამოვლინდა.
ციხე ნაგებია რიყის ქვითა და მსხვილი და ფლეთილი ფიქლის ქვით.
სამშენებლო ტექნიკისა და არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ციხის
შემორჩენილი გალავნის კედლები და სათავსოები გვიანი შუა საუკუნეებით
თარიღდება.
როგორც საქართველოში შემორჩენილი სათავდაცვო ნაგებობების
უმრავლესობა, ლარაშის ციხეც მძიმე მდგომარეობაშია; შემორჩენილია
გალავნის ფრაგმენტები და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობათა
კედლები, სიმაღლით 0.5-2.0 მ.
გასულ საუკუნეში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად
გამოვლენილი კედლების კონსერვაცია არ განხორციელებულა. ბოლო დრომდე
ძეგლი დაფარული იყო ბიოსაფარით, რის გამოც ქვის კედლები მეტად
ზიანდებოდა და ასევე, გაძნელებული იყო ციხის ვიზუალური აღქმა.
მძიმე ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე 2023 წელს ძეგლი გაიწმინდა,
მასზე განხორციელდა კვლევითი სამუშაოები, რის საფუძველზეც შედგა
საკონსერვაციო სამუშაოების პროექტი.
წინამდებარე ტექნიკური დავალება ითვალისწინებს ციხის ნაშთების
საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელებას.
ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები
საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია საკონსერვაციო შემდეგი
სამუშაოების განხორციელება:
- ნაშთებისა და იატაკების სრულად გამოვლენის მიზნით მიწის მოხსნა,
არქეოლოგიური ზედამხედველობით, დაახლოებით 30-40 სმ-ზე;
- კედლების გამოფიტული ნაწილების შევსება-გაძლიერება, ადგილზე
არსებული ქვით და კირდუღაბის მკვრივი ხსნარით;
- კედლების დაზიანებული ნაწილების გაწმენდა, გადაწყობა, ჰიდრავლიკური
კირის ხსნარით ამოგოზვა (ამოგოზვის დროს არ უნდა დაზიანდეს ორიგინალი
ქვის კიდეები და არ უნდა შეიცვალოს წყობის ხასიათი);
- ციხის კედლის მძიმედ ავარიული ნაწილის მყარ წყობამდე გადაწყობა,
კედლის ზედაპირზე საკონსერვაციო ფენის მოწყობა;
- ჩანგრეული ხაროს (ჭა) აღდგენა არსებული წყობის ანალოგიურად და ქვის
წრიული ფილით დახურვა.
მიზანი და ძირითადი პირობები
სარეაბილიტაციო - საკონსერვაციო სამუშაოების შედეგად უნდა
შენარჩუნდეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა
უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების
აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს
გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ
ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან
პროდუქტში მოიაზრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მასალა, რომელიც წარმოებულია
პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული
ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო
ზედამხედველობით. საავტორო ზედამხედველობის ფარგლებში, პროექტის
ავტორი ვალდებულია ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10
რიცხვამდე) სააგენტოში წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე
შესაბამისი ანგარიში. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებული უნდა
იყოს მიმწოდებელსა და პროექტის ავტორს შორის გაფორმებულ
ხელშეკრულებაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ
წარმოდგენილი არქიტექტორ-რესტავრატორისა და ინჟინერ-მშენებლის
ზედამხედველობით. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი
(არქიტექტორ-რესტავრატორი და ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია,
ხელშეკრულების დადებიდან სამუშაოების სრულად დასრულებამდე,
ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს
ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.
ძეგლზე ჩასატარებელი მიწის სამუშაოები უნდა განხორციელდეს
არქეოლოგიური ზედამხედველობით.
მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის
აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და
ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას
გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა
დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე
გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების
გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე
შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი
ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება
ტექსტური, ფოტო და გრაფიკული დოკუმენტაცია. შესრულებული სამუშაოების
საბოლოო ანგარიშს, ასევე, უნდა ახლდეს ძეგლის ანაზომი ნახაზები,
განხორციელებული საკონსერვაციო სამუშაოების ასახვით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში