პრეამბულა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ასკანის ციხე
მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდ. ბახვისწყლის მარცხენა
ნაპირზე, მაღალ მთაზე, სოფ. მთისპირის ტერიტორიაზე. ასკანის ციხე
იხსენიება ისეთ წერილობით წყაროებში, როგორიცაა: ვახუშტი ბაგრატიონის
„აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, კასტელის „ცნობები და ალბომი
საქართველოს შესახებ“, იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა
საქართველოში“ და სხვ.
ციხე ნაგებია დამუშავებული, სხვადასხვა ზომის ნაცრისფერი ქვით,
შემორჩენილია კედლები 10-12 მ. სიმაღლემდე. ციხეში შესასვლელი
ჩრდილოეთიდანაა, რომლის მარცხენა მხარეს ამჟამად ამოვსებული ღრმა ჭა
მდებარეობს. გადმოცემით ამ ჭიდან ჩასასვლელი გვირაბი ყოფილა მოწყობილი
მდ. ბახვისწყლამდე. ჩრდილოეთ კედლის წყობაში გამოყენებულია დიდი
კლდოვანი მასივები. სამხრეთ კედელში დატანილია საზარბაზნეები და
სათოფურები, აღმოსავლეთ მხარეს ეკლესიის ნანგრევებია. ციხის
ტერიტორიაზე, სამ დიდ ლოდში გამოჭრილია წყლის რეზერვუარები,
ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში შემორჩენილია გეგმით ნახევარწრიული სათავსი,
რომლის დასავლეთ კედელში გაჭრილია მაღალი სარკმელი. აღნიშნული
სარკმლის სათაურის ქვაზე ამოკვეთილია ჯვრის გამოსახულება. ციხის
აღმოსავლეთ ფერდობიდან დაახლოებით 600-700 მეტრზე შეინიშნება მშრალი
წყობით ამოყვანილი კედლის ფრაგმენტი.
ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გასულ წლებში ციხე
ხე-მცენარეებისგან გაიწმინდა, განხორციელდა მისი კვლევა-ფიქსაცია და
შედგენილი იქნა კონსერვაციის პროექტი.
ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები
საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია შემდეგი სარეაბილიტაციო
სამუშაოების ჩატარება:
• ტერიტორიის გაწმენდა გვიანდელი ნაყარი მიწისგან;
• ციხის კედლების მწვანე საფარისგან გაწმენდა, დამუშავება და
დაგოზვა;
• გარკვეულ ლოკაციებზე ხარაჩოების მოწყობა;
• გადმოვარდნილი გალავნის მცირე მასების ადგილზე დაშლა ხელით და
ტერიტორიიდან გატანა;
• ციხის მთელ პერიმეტრზე მორყეული წყობების მოხსნა, თლილი ქვების
მარკირება, დასაწყობება, გამოფიტული დუღაბის ამორეცხვა და ქვების უკან
დაბრუნება მარკირების სქემის მიხედვით. ბზარების ამოსუფთავება და
ინექტირება;
• გალავნის ზედა ნიშნულებზე საკონსერვაციო ფენის მოწყობა, გარკვეული
დაზიანებული ადგილების აღდგენა ქვით, დაზიანებული საპირე წყობების
კონსოლიდაცია, დანაკარგების აღდგენა.
მიზანი და ძირითადი პირობები
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს
ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა
უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი
ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ
მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან
პროდუქტში მოიაზრება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მასალა, რომელიც წარმოებულია
პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული
ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო
ზედამხედველობით. საავტორო ზედამხედველობის ფარგლებში, პროექტის
ავტორი ვალდებულია ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10
რიცხვამდე) სააგენტოში წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე
შესაბამისი ანგარიში. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებული უნდა
იყოს მიმწოდებელსა და პროექტის ავტორს შორის გაფორმებულ
ხელშეკრულებაში.
სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
არქიტექტორ-რესტავრატორისა და ინჟინერ-მშენებლის ზედამხედველობით.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი (არქიტექტორ-რესტავრატორი
და ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან
სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს
მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე
სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.
მიწის სამუშაოები შესრულდეს არქეოლოგის ზედამხედველობით.
მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის
აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და
ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას
გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა
დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე,
გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების
გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე
შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი
ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება
ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
რეაბილიტაციის წარმოების ძირითადი მოთხოვნები
ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე
მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა წარიმართოს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით.
ობიექტზე განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში
თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი სახის უხეში ჩარევა და
რომელიმე კულტურული ღირებული ნაწილის უნებლიე ან/და მიზანმიმართული
დაზიანება და განადგურება. ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური;
- შეძლებისდაგვარად ადვილად უკუქცევადი;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული;
- გამოყენებული უნდა იქნას ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან
თავსებადი მასალები და ნივთიერებები.
განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში არ უნდა
დაზიანდეს შემორჩენილი, თავდაპირველი დეტალები. ფიზიკური სამუშაოების
დროს წინასწარ უნდა იქნას გათვლილი თუ რა ზეგავლენა შესაძლოა იქონიოს
ამა თუ იმ ჩარევამ ძეგლის მდგომარეობაზე.
რეკომენდირებულია ძეგლის ავთენტურობისა და მისი მთლიანობის დაცვის
მიზნით მაქსიმალურად შენარჩუნდეს და რესტავრაცია ჩაუტარდეს ყველა
კომპონენტს, შეიცვალოს და ახლით ჩანაცვლდეს მხოლოდ ის არეები, რომლებიც
ძლიერ დაზიანებულია და არ ექვემდებარება რესტავრაციას.
კრიტიკულად არასტაბილური მონაკვეთების გამოვლენის შემთხვევაში,
აუცილებელია, გადაუდებელი პრევენციული ზომების მიღება (დროებითი,
შექცევადი გამაგრებების გაკეთება), რათა ნაგებობის და მისი
შემადგენელი კომპონენტების სამუშაო პროცესში არ მოხდეს კრიტიკულად
არასტაბილური ნაწილების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება და
საბოლოოდ განადგურება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობის
პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ
გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან
ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო
დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს
მოთხოვნები შესასრულებელი სამუშაოების მიმართ.
ნორმატიული დოკუმენტები
მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის
საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური
შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა
ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები
და გაფრთხილებები.
შენიშვნა - იხილეთ სრულყოფილი ტექნიკური დავალება მიმაგრებულ
ფაილებში.