სოფელ პატარძეული, ბილანიშვილების კოშკი
ტექნიკური დავალება
პრეამბულა
ბილანიშვილების კოშკი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ
პატარძეულში, ე.წ.ბილანიშვილების უბანში. თარიღდება XVIII საუკუნით. კოშკი
ცილინდრული ფორმისაა და ხუთსართულიანია (გარე დიამეტრი - 8,1 მ). მეხუთე
სართული წარმოადგენს ქონგურებიან ბანს. ნაგებია რიყის ქვით.
პირველი, მეორე, მესამე სართულების გუმბათები აგურისაა. ერთადერთი
შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთ მხარეს, კარი სწორკუთხაა.
პირველი სართული, სამეურნეო დანიშნულების, გეგმით წრიული, ყრუ სათავსია.
მასში მოხვედრა, მხოლოდ მეორე სართულიდან, კედლის სისქეში მოწყობილი
კიბითაა შესაძლებელი. სართულის ცენტრში ჭა ყოფილა (ამოვსებულია).
სართული გადახურულია აგურის ნახევარსფეროსებური გუმბათით, რომელშიც
კამარის დონეზე, ერთი სარკმელია გაჭრილი.
კოშკის მეორე სართული შვიდწახნაგაა. ერთ-ერთ (ჩრდილოეთ) წახნაგში კოშკში
შემოსასვლელი კარია, რომლის აღმოსავლეთით, პირველ სართულზე ჩასასვლელი
კიბე იწყება. კარის პირდაპირ გეგმით ნახევარწრიული, შეისრულთაღოვანი
ბუხარია, კარის მარჯვნივ კი - ზედა სართულთან დამაკავშირებელი კიბის
უჯრედში შესასვლელი და ერთი პატარა სათოფური. კარის მარცხნივ
(აღმოსავლეთით) პატარა ნიშაა - ცალმაგი სათოფურით. დანარჩენ სამ
წახნაგში შეწყვილებული სათოფურით აღჭურვილი, თითო დიდი ზომის, ღრმა
ნიშაა. სართული გადახურულია აგურით ნაწყობი, ნახევარსფერული კამარით,
რომლის ქუსლის დონეზე, აღმოსავლეთით, სარკმელია გაჭრილი.
მესამე სართულიც გეგმით წრიული ფორმისაა. ამ სართულზეც, შესასვლელი
კარის პირდაპირ, გეგმით ნახევარწრიული, შეისრულთაღოვანი ბუხარია.
კედელში ოთხი ოთხკუთხა ნიშაა, რომლებშიც ორმაგი სათოფურებია
მოწყობილი. ერთ-ერთი ნიშა იატაკის დონიდან იწყება. მასში ორმაგი
სათოფურის გარდა, ერთი ცალმაგი, დახრილი სათოფურიცაა. სართული
გადახურულია ნახევარსფერული კამარით, რომელშიც სარკმელია მოწყობილი.
ერთი პატარა სარკმელი სართულზე ამოსასვლელი კიბის ბაქნის დონეზეა.
მეოთხე სართული ქონგურებიანი ბანს წარმოადგენს. კედელში
სიმეტრიულადაა განლაგებული ხუთი ნისკარტა სალოდე, რომელთა შორის
ცალმაგი და ორმაგი სათოფურებიცაა მოწყობილი. სათოფურებია ზოგიერთი
სალოდის გვერდის კედლებშიც და ქვემოთაც.
რაც შეეხება კოშკის ფიზიკურ მდგომარეობას, იგი საკმაოდ დაზიანებულია,
რაც სხვადასხვა გარემოებებითაა გამოწვეული. ამასთანავე, კოშკი
მდებარეობს მჭიდროს დასახლებულ პუნქტში. ბილანიშვილების კოშკის მძიმე
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იგეგმება ნაგებობის კვლევა-ფიქსაცია
და რეაბილიტაციის პროექტის შედგენა.
ბილანიშვილების კოშკს არ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის
უძრავი ძეგლის სტატუსი, მაგრამ, ვინაიდან კოშკი მდებარეობს კულტურული
მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, მასზე ვრცელდება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი ყველა წესი.
მიზანი და ძირითადი პირობები
ბილანიშვილების კოშკის რეაბილიტაციისთვის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი
მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, აუთენტურობის
შენარჩუნების, კონსერვაციის, ინტერპრეტაციის და დაცულობის
უზრუნველყოფა.
პროექტმა უნდა მოიცვას კოშკის არსებული მძიმე მდგომარეობის
გამოსწორებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარების აუცილებელი
ყველა ღონისძიება.
ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს მისი არსებული მძიმე
მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი
სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ
მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ
გადაწყვეტას.
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნების მისაღწევად ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური;
- შეძლებისდაგვარად ადვილად უკუქცევადი;
- გამოყენებული უნდა იყოს ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან
თავსებადი ნივთიერებები;
- ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ბილანიშვილის კოშკის რომელიმე
კულტურულ ღირებულებას;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.
კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები და
მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს
მთავრობის 2007 წ. 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების
წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის
პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ
გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან
ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო
დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს
მოთხოვნები მისაღები (დასამუშავებელი) პროექტის მიმართ.
გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრულ (ვექტორული DWG, DXF, PLN გაფართოების
ფაილი - Autocad, Archicad პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით).
საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და
საფიქსაციო სამუშაოები და შესრულდეს ბილანიშვილების კოშკის
რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
შესრულებული სამუშაოების ჩაბარების საბოლოო ვადა - ხელშეკრულების
გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე.
❖ პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:
ბილანიშვილების კოშკს არ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის
უძრავი ძეგლის სტატუსი, მაგრამ, ვინაიდან კოშკი მდებარეობს კულტურული
მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, მასზე ვრცელდება საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და
,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2
პუნქტის მოთხოვნები, რომელთა თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის
დამცავ ზონაში, სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე
მშენებლობის ნებართვას გასცემს შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის
გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს (სსიპ - საქართველოს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო) ჩაბმას და
ნებართვას გასცემს სამინისტროს (სააგენტოს) თანხმობით, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად მაქსიმალურად უნდა
შენარჩუნდეს და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს ყველა კომპონენტს.
სარეაბილიტაციო ჩარევები უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი
დოკუმენტაციის მიხედვით, ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების
ავთენტურობისა და მისი მთლიანობის დაცვით.
ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე
მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით.
გასაწევი მომსახურება
კვლევითი, საფიქსაციო სამუშაოების განხორციელება და რეაბილიტაციის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება-შესყიდვა.
მოცემული ვადის ფარგლებში, პერიოდულად წარმოადგინონ, როგორ
მიმდინარეობს სამუშაოები.
შესასრულებელია შემდეგი სახის სამუშაოები:
1. კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები:
- არქეოლოგიური ზედამხედველობით ძეგლის გამაგრება - კვლევითი
სამუშაოების შედეგად, თუ დადგინდება, რომ კონსტრუქციული მდგრადობის
გასაძლიერებლად საჭირო გახდება საძირკვლის გამაგრება, მაშინ
არქეოლოგის ზედამხედველობით ჩატარდება ეს სამუშაოები
- ტერიტორიის ტოპოგადაღება;
- ობიექტების (შენობება-ნაგებობები) აზომვითი სამუშაოები (საჭიროების
შემთხვევაში 3D - სკანირების მეთოდით), დეტალური ფოტოფიქსაცია;
- სახელოვნებათმცოდნეო კვლევა;
- კონსტრუქციული კვლევა, ტექნიკური დასკვნა;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;
- ობიექტის რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის დადგენა.
2. კვლევითი-საფიქსაციო სამუშაოების საფუძველზე რეაბილიტაციის
პროექტის მომზადება;
3. საჭიროების შემთხვევაში საინჟინრო კომუნიკაციების პროექტის
შედგენა;
4. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის შედგენა;
5. ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარების პროექტის მომზადება;
6. ბილანიშვილების კოშკის სააღრიცხვო ბარათის შედგენა;
7. კოშკის განათების პროექტის შედგენა
8. რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა.
სრული ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.