ტექნიკური დავალება
პრეამბულა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე მიტოვებული კოშკებისა და
სახლი-მაჩუბების დიდი ნაწილი მორღვეული და დაზიანებულია. XIX საუკუნის
ბოლოდან მოყოლებული, როდესაც კოშკებმა თავისი პირდაპირი თავდაცვითი
ფუნქცია დაკარგეს, დაიწყო მათი ნელ-ნელა ნგრევა. გასაბჭოების შემდეგ
ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლამ, კოშკები და საცხოვრებელი
სახლი-მაჩუბის ფუნქციები მნიშვნელოვნად დააკნინა და შესაბამისად
შეცვალა მათი იერსახეც. ზემო სვანეთში 250-მდე კოშკი აღირიცხება.
რეგიონისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ფორმები განაპირობებს
სვანური სოფლის განუმეორებელ იერ-სახეს. ამ თვალსაზრისით
მნიშვნელოვანია მათი აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების
შესრულება.
ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულია მესტიის მუნიციპალიტეტში,
ლენჯერის თემის სოფელ ქაშვეთში მდებარე, კულტურული მემკვიდრეობის
უძრავი ძეგლების - მიხეილ ფილფანის კოშკისა და ბაბუ ფილფანისა და
სალარებ წიფიანის კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიხეილ ფილფანის კოშკი №1 კომპლექსში განცალკევებით დგას და სამეურნეო
დანიშნულების მინაშენებითაა შემოსაზღვრული. ნაგებობას პირვანდელი
სახე შენარჩუნებული აქვს. სიმაღლე 23 მეტრს აღწევს. ძირის ფუძის ვიწრო
ზომა აძლევს მას აზიდულ და მოხდენილ შესახედაობას. კოშკი ნაშენია
სხვადასხვა ზომის ნახევრად დამუშავებული ნატეხი ქვით, კირის ხსნარზე.
მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნაწილობრივ
დაზიანებულია მხოლოდ ყავრის საფარი.
ბაბუ ფილფანის და სალარებ წიფიანის კოშკი №3 (ს/კ 42.07.33.052 - მესაკუთრე ფირუზ
ფილფანი) აღმართულია სოფლის შუაგულში, სიმაღლე 22 მეტრამდე აღწევს.
კოშკის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გადახურვის
საფარიდან არ ხდება წყლის ჩადინება. დაზიანებულია ქვის სართულშუა
გადახურვები (ორ დონეზე), რაც საჭიროებს რეაბილიტაციას.
ამავე მუნიციპალიტეტში მდებარე მულახის თემი აერთიანებს თერთმეტ
სოფელს, მათ შორისაა მჭიდროდ განაშენიანებული სოფელი მურშკელი.
ტექნიკური დავალება ითვალისწინებს სოფელ მურშკელში სოგრატ ქურდიანის
კოშკის რეაბილიტაციას.
ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები
შემუშავებულია ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც 2024 წელს
დაიგეგმა ფიზიკური სამუშაოების განხორციელება.
საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია შემდეგი სახის
სამუშაოები:
მიხეილ ფილფანის კოშკი
• სახურავის ბურულის (ყავარის საფარისა და ხის ლარტყების) დაშლა;
• გადახურვის არსებულ ხის კოჭებზე შეფიცრვის მოწყობა;
• ჰიდროსაიზოლაციო მემბრანის მოწყობა;
• შელარტყვა;
სახურავის საფარის მოწყობა ყავარის ფენილით;
• მოსაწყობი ხის მასალის ცეცხლდაცვა, დამუშავება ჰიდროფობიზატორითა და
ბიოციდით;
• შეღებვა დამუქების ეფექტით.
ბაბუ ფილფანისა და სალარებ წიფიანის კოშკი
• ნანგრევი ჩახერგილობის გაწმენდა;
• სართულშუა გადახურვის არსებული კოჭების შეფიცრვა;
• ქვის დაზიანებული ნაწილის აშენება;
• ქვის იატაკის გადაწყობა-აღდგენა;
• მოსაწყობი ხის მასალის ცეცხლდაცვა, დამუშავება ჰიდროფობიზატორითა და
ბიოციდით;
• შეღებვა დამუქების ეფექტით;
• ფასადზე არსებული დაზიანებული ნალესობის მოხსნა და ხელახლა შელესვა
კირის დუღაბზე.
სოფელი მურშკელი - სოგრატ ქურდიანის კოშკი
• კოშკის ზედაპირზე გამოქარული ქვის წყობის
მოხსნა-გადაწყობა-აშენება;
• ბოლო სართულის ხის კონსტრუქციების მოწყობა და შეფიცრვა;
• სახურავის ხის კონსტრუქციების, ყავრის ქვედა ფენილის, დიფუზორული
მემბრანის, ლარტყებისა და ყავრის ზედა ფენილის მოწყობა;
• ქვისშორისების გალესვა კირის ხსნარით.
მიზანი და ძირითადი პირობები
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს
ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა
უზრუნველჰყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი
ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ
მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან
პროდუქტში მოიაზრება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსი“-თ გათვალისწინებული მასალა რომელიც წარმოებულია
პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული
ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
არქიტექტორ-რესტავრატორისა და ინჟინერ-მშენებლის ზედამხედველობით.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი (არქიტექტორ-რესტავრატორი
და ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან
სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს
მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე
სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების
გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე
შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი
ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება
ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
რეაბილიტაციის წარმოების ძირითადი მოთხოვნები
ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე
მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა წარიმართოს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით.
➢ ობიექტზე განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში
თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი სახის უხეში ჩარევა და
რომელიმე კულტურული ღირებული ნაწილის უნებლიე ან/და მიზანმიმართული
დაზიანება და განადგურება. ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური;
- შეძლებისდაგვარად ადვილად უკუქცევადი;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული;
- გამოყენებული უნდა იქნას ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან
თავსებადი მასალები და ნივთიერებები.
➢ განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში არ უნდა
დაზიანდეს შემორჩენილი, თავდაპირველი დეტალები. ფიზიკური სამუშაოების
დროს წინასწარ უნდა იქნას გათვლილი თუ რა ზეგავლენა შესაძლოა იქონიოს
ამა თუ იმ ჩარევამ ძეგლის მდგომარეობაზე.
➢ რეკომენდირებულია ძეგლის ავთენტურობისა და მისი მთლიანობის დაცვის
მიზნით მაქსიმალურად შენარჩუნდეს და რესტავრაცია ჩაუტარდეს ყველა
კომპონენტს, შეიცვალოს და ახლით ჩანაცვლდეს მხოლოდ ის არეები, რომლებიც
ძლიერ დაზიანებულია და არ ექვემდებარება რესტავრაციას.
➢ დეკორატიული ელემენტების კრიტიკულად არასტაბილური მონაკვეთების
გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია, გადაუდებელი პრევენციული
ზომების მიღება (დროებითი, შექცევადი გამაგრებების გაკეთება), რათა
ნაგებობის და მისი შემადგენელი კომპონენტების სამუშაო პროცესში არ
მოხდეს კრიტიკულად არასტაბილური ნაწილების მდგომარეობის კიდევ უფრო
გაუარესება და საბოლოოდ განადგურება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობის
პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ
გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან
ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო
დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს
მოთხოვნები შესასრულებელი სამუშაოების მიმართ.
ნორმატიული დოკუმენტები
მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო
ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური
შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა
ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები
და გაფრთხილებები.
უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი
სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით,
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების
შესაბამისად; მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველჰყოფს გარემოს,
ისტორიული ძეგლის ქონებისა და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის
უსაფრთხოებას.
სამუშაოები განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62
დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა
გათვალისწინებით.
მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა
საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველჰყოს მისი დასაქმებულების
შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში.
მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულია შემსყიდველის სამუშაო სივრცეში
დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი მითითებები/ინსტრუქციები,
წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი თავისუფლდება ყველანაირი
პასუხისმგებლობისგან.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველჰყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე
ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის
და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური
უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონებისა და
ნორმების შესაბამისად, მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები
მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან
ასაცილებლად.
სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა
გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან, რათა არ მოხდეს
გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს
ტერიტორიის სრული დასუფთავება. იკრძალება ხეებისა და მრავალწლიანი
ნარგავების მოჭრა და განადგურება.
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოები,
შესრულებული სამუშაოების ანგარიში (საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად) შესრულებული
სამუშაოების აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე წარუდგენს მას
ინფორმაციას წერილობითი ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს
შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად
დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად
აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების
ფორმა №2-ის, ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და
შესაბამისი წერილობითი ანგარიში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ყველა
ეტაპზე ელექტრონული სახით. ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტური
და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით (ტექსტური და გრაფიკული მასალის
PDF, EXCEL ფაილი; ფოტომასალა - TIFF ან JPG გაფართოების ფაილი).
შენიშვნა: ფოტოსაფიქსაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის
მოთხოვნათა გათვალისწინებით.
შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური.
სამუშაოთა საბოლოო მიღება
მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ,
თანახმად გეგმა-გრაფიკისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ
სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად
ჩაითვლება სამუშაოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ.
შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშის ჩაბარების ვადები - შესრულებულ
სამუშაოთა საბოლოო ვადა განისაზღვრება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად,
ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) კალენდარული თვე.
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა განსაზღვრულია დამკვეთის
მიერ სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების თარიღიდან, ხუთი წლის ვადით.