ტექნიკური დავალება
პრეამბულა
ქ. თბილისში, სოლოლაკის უბანში, მაჩაბლის ქ. N13-ში მდებარე შენობა (ს/კ
01.15.05.077.014), ცნობილი მეწარმისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის
საცხოვრებელი სახლი იყო, რომელიც 1903-1905 წლებში აშენდა გერმანელი
არქიტექტორის კარლ ცაარის პროექტით. სახლის მშენებლობას
ხელმძღვანელობდნენ თბილისელი არქიტექტორები ალექსანდრ ოზეროვი და
ალექსანდრ ტატიშჩევი, ხოლო ხის აივნები, მოაჯირები და შესასვლელი კარი
ილია მამაცაშვილს ეკუთვნის. 1916 წელს სახლი ასევე ცნობილმა მეწარმემ და
მეცენატმა აკაკი ხოშტარიამ შეიძინა. 1921 წლიდან შენობაში ხელოვანთა
კავშირის მთავარმა კომიტეტმა დაიდო ბინა, შემდეგ ის საქართველოს
მწერალთა კავშირს ეკავა და ბოლო დრომდე - სსიპ „მწერალთა სახლის“
სარგებლობაშია.
შენობა აგურით აშენებულია, ორი სართულით, სარდაფითა და მანსარდით. იგი
საუკეთესო მაგალითია მოდერნის სტილის, ევროპული და თბილისური
არქიტექტურის შერწყმის. სახლი ნახევარსარდაფული ცოკოლით იხსნება
სივრცეში. პირველ სართულზე ნახევარწრიანი მაღალი სადარბაზო ღიობია,
ლითონის ჭვირული კარით. შენობის დაფერილ სიბრტყეს თარაზული, თანაბარი
სიმაღლის ზოლები აქვს. პირველ სართულზე ნახევარწრიული ფორმისა და დიდი
ზომის სარკმლებია ჩამწკრივებული, სარკმლების თავსართები შემკულია
მცენარეული ორნამენტებითა და ნიჟარებით. მეორე სართულზე კი მცირე
ზომის სარკმელთა რიგია. აქ მეორე სართულზე ლითონის კიდული აივანია,
თაღოვანი ღიობით. ფასადის ცენტრში მასიურ კრონშტეინებზე დაყრდნობილი
ლითონის სწორკუთხა აივანია. შენობა დასრულებულია თაღოვანი ფრონტონით.
ვესტიბიული მოპირკეთებულია ფერადი მარმარილოთი. ვესტიბიულიდან მეორე
სართულზე ასასვლელი კიბე და ბალუსტრადი ხისაა. ბაქნის კედელზე
ვიტრაჟული გამოსახულებაა. მეორე სართულის პლაფონი მოხატულია
სტილიზებული ორნამენტით. ეზოს მხარეს შენობა უფრო სადაა. მეორე
სართულზე მას მთლიანად მიუყვება თბილისური ტიპის ხის აივანი, მარჯვენა
მხარე შეწეულია. ეს მონაკვეთი უკავია ღია ვერანდას, რომელსაც ეზოსაგან
ქვის დაბალი მოაჯირი, ხოლო სახლისგან შემინული ლოჯია ყოფს. მარჯვენა
მხრიდან ვერანდას მაღალი კედელი ფარგლავს, სადაც ნიშაში
განთავსებულია, მომრგვალებული მოყვანილობის წყარო.
შენობის ძირითადი პრობლემა ჯდენადი საძირკველია. სარდაფის კედლებზე
შეიმჩნევა სინესტე, ფასადებზე და ინტერიერის კედლებზე ზედაპირული და
გამჭოლი ბზარებია გაჩენილი. პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარე
ეტაპზე ხორციელდება სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილმა გარემოებებმა საჭირო
გახადა რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში
ცვლილებების შეტანა და შესაბამისად, ობიექტზე დამატებითი
ღონისძიებების განხორციელება.
ჩასატარებელი სამუშაოები
- ყორექვის ზეძირკვლის დაბურღვა;
- ანკერების ჩამაგრება ნახვრეტებში;
- მონოლოთური კედლისა და საპროექტო ფილის ქვეშ ბეტონის მომზადება;
- სარდაფში რ/ბეტონის კედლების მოწყობა;
- სარდაფის იატაკის საპროექტო ნიშნულამდე არსებული სივრცის შევსება;
- იატაკის თბოიზოლაციის მოწყობა;
- სარდაფის იატაკის ფილის მოჭიმვა;
- არსებული კიბის საფეხურების დემონტაჟი;
- რკინა-ბეტონის კიბის საფეხურების მოწყობა;
- კიბის საფეხურებზე კერამო-გრანიტის ფილების მოწყობა;
- შენობის ირგვლივ სარინელის მოწყობა.
მიზანი და ძირითადი პირობები
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის
ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს
ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა
ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ
მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.
ხარისხიან პროდუქტში მოიაზრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-თ გათვალისწინებული მასალა, რომელიც
წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და
განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო
ზედამხედველობით.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
სამუშაოები განხორციელდეს არქიტექტორ-რესტავრატორისა და არქეოლოგის
ზედამხედველობით.
მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების
პროცესი განხორციელდეს ხელით. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს
არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად,
სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა
მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან,
განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და
არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს
ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია
გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც
შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების
ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური
და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
რეაბილიტაციის წარმოების ძირითადი მოთხოვნები
ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე
მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა წარიმართოს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით.
ობიექტზე განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში
თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი სახის უხეში ჩარევა და
რომელიმე კულტურული ღირებული ნაწილის უნებლიე ან/და მიზანმიმართული
დაზიანება და განადგურება. ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური;
- შეძლებისდაგვარად ადვილად უკუქცევადი;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული;
- გამოყენებული უნდა იქნას ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან
თავსებადი მასალები და ნივთიერებები.
განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში არ უნდა
დაზიანდეს შემორჩენილი, თავდაპირველი დეტალები. ფიზიკური სამუშაოების
დროს წინასწარ უნდა იქნას გათვლილი თუ რა ზეგავლენა შესაძლოა იქონიოს
ამა თუ იმ ჩარევამ ძეგლის მდგომარეობაზე.
რეკომენდირებულია ძეგლის ავთენტურობისა და მისი მთლიანობის დაცვის
მიზნით მაქსიმალურად შენარჩუნდეს და რესტავრაცია ჩაუტარდეს ყველა
კომპონენტს, შეიცვალოს და ახლით ჩანაცვლდეს მხოლოდ ის არეები, რომლებიც
ძლიერ დაზიანებულია და არ ექვემდებარება რესტავრაციას.
დეკორატიული ელემენტებისა და მხატვრობის კრიტიკულად არასტაბილური
მონაკვეთების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია, გადაუდებელი
პრევენციული ზომების მიღება (დროებითი, შექცევადი გამაგრებების
გაკეთება), რათა გამაგრების სამუშაოების პროცესში არ მოხდეს
კრიტიკულად არასტაბილური ნაწილების მდგომარეობის კიდევ უფრო
გაუარესება და საბოლოოდ განადგურება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობის
პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ
გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან
ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო
დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს
მოთხოვნები შესასრულებელი სამუშაოების მიმართ.
სრული ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით