ტექნიკური დავალება
პრეამბულა
მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე უშგულის თემში, რომელიც მდებარეობს
მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე ზღვის დონიდან 2060 მეტრის სიმაღლეზე,
ერთ ვერტიკალურ ღერძზე, ჩაკეტილ სივრცეში, ოთხი სოფელია გაშენებული:
მურყმელი, ჩაჟაში, ჩვიბიანი და ჟიბიანი. ამ ერთ გრძივ ღერძზე ასხმულ
სოფელთა შორის თავისი დაცულობის ხარისხითა და მხატვრული ღირებულებით
გამოირჩევა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი, სოფ.
ჩაჟაში. საგულისხმოა, რომ იგი საინტერესო, გამაგრებული დასახლებაა და
ნახევრად ბუნებრივ კლდოვან კონცხზეა განთავსებული. სოფლის
განაშენიანება, ტერიტორიის სიმცირის გამო, მჭიდროდ დასახლებულ,
ერთმანეთთან მიჯრილ ნაგებობათა ჯგუფს წარმოადგენს. სწორედ
გეგმარებითი სტრუქტურის თვალსაზრისით ჩაჟაში არის საოცრად
გააზრებული კომპაქტური ორგანიზმი, კოშკები დიაგონალზეა განთავსებული
მხარეების ზუსტი მიმართულებების დარღვევით.
სოფლები, ჩვიბიანი და ჟიბიანის ისტორიული განაშენიანება, უპირველეს
ყოვლისა, შუა საუკუნეების დროინდელი კოშკების უნიკალური ლანდშაფტით
არის გამორჩეული. ყოველი კოშკი, სტრუქტურული მსგავსების მიუხედავად,
ინდივიდუალურ იერსახეს ინარჩუნებს.
მურყმელი, უშგულის თემის მეოთხე სოფელი, მესტიისაკენ მიმავალი გზა მას
ორ ნაწილად ჰყოფს. აქ რელიეფი ნაკლებად დამრეცია და ამიტომ გეგმარება
მოწესრიგებულია. თუ სოფლის სამხრეთ ნაწილში განლაგებული კოშკები
ერთმანეთისაგან შორ-შორს დგანან, ჩრდილოეთ ნაწილში ისინი მჭიდრო,
კომპაქტურ ჯგუფს ქმნიან.
ზემოაღნიშნული სოფლის განაშენიანებაში არსებული შენობა-ნაგებობების,
კერძოდ მაჩუბების ავარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,
რამდენიმე წლის წინ მიმდინარეობდა ცალკეული ძეგლების რეაბილიტაცია.
დღეის მდგომარეობით შეირჩა ოთხი ობიექტი (სოფელი მურყმელი - ბორის (ბაჯუ)
კაკრიაშვილის დარბაზ-მაჩუბი; სოფელი ჩაჟაში - სოსო ნიჟარაძის მაჩუბი;
სოფელი ჩვიბიანი - იურა ჩარკვიანის დარბაზ-მაჩუბი; სოფელი ჟიბიანი -
დომენტი ნიჟარაძის კომპლექსი, დარბაზ-მაჩუბი), რომელთა
სარეაბილიტაციო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ,
დაიგეგმება ფიზიკური სამუშაოების განხორციელება.
შენიშვნა: ობიექტების იდენტიფიკაცია მოხდა საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის ერთიან მონაცემთა ბაზაში.
ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობების
მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია
სახელმწიფოს განვითარების პროცესში. მძიმე მდგომარეობაში მყოფი
ძეგლებისათვის აუცილებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება,
რისთვისაც შესადგენია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც
განსაზღვრავს რეაბილიტაციის მიმართულებებს.
მიზანი და ძირითადი პირობები
საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია ძეგლის მდგრადი
განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, აუთენტურობის შენარჩუნების,
ინტერპრეტაციის და დაცულობის უზრუნველყოფა.
ტენდერის მიზანია კვლევითი სამუშაოების განხორციელება, ძეგლზე
გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოებისთვის საჭირო ღონისძიებების
დაგეგვმა/განსაზღვრა/ჩატარება და რეაბილიტაციის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რაც სამომავლოდ
გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განსახორციელებელია სათანადო დეტალური
კვლევების საფუძველზე შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შესაბამისად. ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა
უზრუნველყოს ძეგლების არსებული მდგომარეობის გამოსწორების
აუცილებელი ყველა ასპექტი და მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას,
კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და
მაღალპროფესიულ მხატვრულ გადაწყვეტას.
სრულყოფილი კვლევა-ფიქსაციის სამუშაოების (3D სკანირება, გარკვეული
მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით ანაზომების შესრულება, ხარაჩოების
განთავსება, ფუძე-გრუნტებისა და დაფუძნების საინჟინრო-გეოლოგიური
კვლევა, არსებული სამშენებლო მასალის მდგომარეობის კვლევა და სხვ.)
განხორციელებისთვის, საპროექტო არეალების მიმდებარე ტერიტორიები და
ინტერიერი უნდა გაიწმინდოს.
ნაგებობების ინტერიერის კედლების ნაშალი ქვებისგან გამოთავისუფლების
სამუშაოები და ქვების დასაწყობება განხორციელდეს
არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით, შესაბამისი ნებართვის
საფუძველზე.
თუ გაწმენდითი სამუშაოები მწვანე საფარისგან (ხე-ბუჩქნარი)
გათავისუფლებასაც შეეხება, აღნიშნული უნდა განხორციელდეს შესაბამისი
თანხმო(ბე)ბის/ნებართვ(ებ)ის საფუძველზე.
მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოები განხორციელდეს
ხელით. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის
აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და
ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას
გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა
დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე
გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
კვლევით ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დაზიანება თუ რღვევა,
ადრე ჩატარებული უხარისხო თუ უხეში ჩარევები.
კვლევა-ფიქსაციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს კედლების
მნიშვნელოვანი კვანძებისა და დამახასიათებელი ფრაგმენტების (ღიობები,
სათოფურები, კუთხის შემკრავი ქვები, გადახურვის ბუდეები, საფასადე ქვის
წყობის სპეციფიკური სხვა ელემენტები) ქვების ადგილზე ნუმერაცია.
დანომრილი ქვები, მათი ადგილმდებარეობისა და ნიშნულების ჩვენებით,
დაფიქსირდეს კედლების ანაზომ ნახაზებშიც.
გაწმენდითი და კვლევითი სამუშაოების განხორციელებისას, თუკი
დადასტურდება ობიექტ(ებ)ის შეუქცევადი დაზიანების ან განადგურების
საშიშროება, არქიტექტორ-რესტავრატორისა და კონსტრუქტორის
მეთვალყურეობით ჩატარდეს პრევენციული კონსერვაცია, რომლის მიზანია
მხოლოდ პირველადი, გადაუდებელი, დროებითი ზომების მიღება ძეგლის
რეაბილიტაციამდე. პრევენციული კონსერვაციისას გამოყენებული
მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს გამოყენებული მასალებისა და
საშუალებების ძეგლის დაუზიანებლად მოხსნის შესაძლებლობას.
სრულყოფილმა რეაბილიტაციის პროექტმა, უნდა მოიცვას ძეგლის არსებული
მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ღონისძიება.
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნების მისაღწევად ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
- ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ
ღირებულებას;
- გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის,
ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.
სრული ტექნიკური დავალება იხილეთ ატვირთული ფაილის სახით.